კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის სიკეთეს აკეთებდა, არასწორი იქნება მისი სამეგრელოში ჩასვლა არჩევნებს დავუკავშიროთ
ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულ სიკეთეებს რატომ უკავშირებთ არჩევნებს?! საერთოდ არ იყო ეს ადამიანი პოლიტიკაში და ქველმოქმედებით იყო დაკავებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ჩასვლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
„თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ ყველა მასალა და ნახავთ, რომ სამი მილიარდის ქველმოქმედება აქვს გაკეთებული, რომელიც არის დამტკიცებული აუდიტით. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის სიკეთეს აკეთებდა და აგრძელებს ამ სიკეთის კეთებას. ამიტომ ვფიქრობ, არასწორი იქნება ეს ფაქტი დავუკავშიროთ არჩევნებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 30 მარტს ზუგდიდს ესტუმრა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა. ამასთან, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაშიც იმყოფებოდა.