კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილი თუ არაფორმალური მმართველია, მაშინ რატომ შემოვიდა პოლიტიკაში? ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები
თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი სპეკულაციებია და ასეთ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ დაბრუნდებოდა.
„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. მარტივად გეტყვით, თუ ადამიანი არაფორმალური მმართველია, მაშინ რატომ შემოვიდა პოლიტიკაში? თუ გარედან მართავდა, ჩვეულებრივად გააგრძელებდა მართვას, როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ რატომ შემოვიდოდა პოლიტიკაში. ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები იყო და ეს არის დასტური“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას: „თქვენც იყავით იმ ორ-სამ ადამიანს შორის, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახის კომუნიკაცია ჰქონდა?“, – კალაძე პასუხობს: „ალბათ აჯობებს, თუ ბიძინა ივანიშვილი თვითონ გააკეთებს განმარტებას ამასთან დაკავშირებით, მე თავს შევიკავებ“.
ამასთან, კახა კალაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ გუნდს ღიად აქვს გაცხადებული გეგმები, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება, რა ნაბიჯები იდგმება.
„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, რაც გაკეთდა ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, რა მიღწევებიც იყო, ეს ყველაფერი გააკეთა „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“. ცხადია, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, რეფორმები უნდა გაგრძელდეს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რაც შეიძლება უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე იქნება.