კახა კალაძე - ბევრი ფაქტი ვიხილეთ გაბრაზებული მოსახლეობის, რომელიც ქუჩებში გადაადგილებას ცდილობდა, გვესმის, გაბრაზების, თუმცა, ვეცადოთ, თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა და აქციების დროს თავი ყველამ უნდა შეიკავოს.
როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გუშინდელი აქციის გამო დედაქალაქის ქუჩების ჩაკეტვამ მოქალაქეების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
„ძალიან ბევრი ფაქტი ვიხილეთ გაბრაზებული მოსახლეობის, რომელიც ქალაქის ქუჩებში გადაადგილებას ცდილობდა. ცხადია, ვიღაცას რაღაც პრობლემა, საჭიროება აქვს, სადღაც მიიჩქარის. გვესმის, ადამიანების გაბრაზების, თუმცა ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს. არანაირი ძალადობა არასდროს არ არის მისაღები – არც ფიზიკური, არც ფსიქოლოგიური. კატეგორიულად მიუღებელია ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაპირისპირების ძალიან ბევრი ფაქტი იყო. როდესაც ბავშვი სადღაც მიგყავს, გეჩქარება, ასევე, მოვისმინე, რომ ერთი სიმსივნით დაავადებული ადამიანი წამლის გასაკეთებლად მიდიოდა, არ უშვებდნენ, მძიმეა ეს ყველაფერი და მესმის იმ მოქალაქეების პროტესტი, რომლებიც ამ ყველაფერთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში სიტყვის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს.