კახა კალაძე - ბედნიერებაა, ემსახურო სამშობლოს ღირსეულად, ისე, რომ საზოგადოებისთვის პოლიციელის მუნდირი იყოს დაცულობის, სიამაყისა და გმირობის სიმბოლო
კახა კალაძე - ბედნიერებაა, ემსახურო სამშობლოს ღირსეულად, ისე, რომ საზოგადოებისთვის პოლიციელის მუნდირი იყოს დაცულობის, სიამაყისა და გმირობის სიმბოლო

მაქვს პატივი, პროფესიული დღე მივულოცო ადამიანებს, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პოლიციის დღეს მიძღვნილ ღონიძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ბედნიერებაა, ემსახურო სამშობლოს, ემსახურო ღირსეულად, ემსახურო ისე, რომ საზოგადოებისთვის პოლიციელის მუნდირი იყოს დაცულობის, სიამაყისა და გმირობის სიმბოლო.

„პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ამ წუთებშიც იცავენ წესრიგს, ებრძვიან დანაშაულს, ჩართულები არიან სამაშველო სამუშაოებში, იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, ზრუნავენ საგზაო უსაფრთხოებაზე, აღასრულებენ სამართალს. პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელიც წარმოადგენს უწყებას. ამ დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რადგან საქართველოს პოლიცია შენი, ჩემი, ჩვენი ოჯახების სტაბილურობის გარანტია.

სწორედ ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას – პოლიციელის შეურაცხყოფა, მისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, მასზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას. დღეს ჩვენი სახელმწიფო ძლიერია, ამისთვის მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც სამართლიანობის უზრუნველყოფაზე და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე არის ორიენტირებული. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების, მაშველების, მეხანძრეების, მესაზღვრეების ხსოვნის წინაშე. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ქვეყნის ღირსეული მსახურებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.