კახა კალაძე - ბავშვობიდან ჩავაგონე საკუთარ თავს, არ დავკმაყოფილებულიყავი მიღწეულით
კახა კალაძე - ბავშვობიდან ჩავაგონე საკუთარ თავს, არ დავკმაყოფილებულიყავი მიღწეულით

ბავშვობიდან ჩავაგონე საკუთარ თავს, არ დავკმაყოფილებულიყავი მიღწეულით. ამან მიმიყვანა გამარჯვებამდე პირველ კარიერაში და აქამდეც ასეა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გამოცემა GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხდა.

გამოცემა წერს, რომ საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ყოფილი მცველი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ერთი წლის წინ თბილისის მერი გახდა.

„ჩვენ ის უკვე ვაღიარეთ მსოფლიოში ყველაზე მოდურ მერად, ახლა კი, არჩევნებში გამარჯვებიდან ერთი წლის შემდეგ, გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით მას იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა ქალაქისთვის ამ ვადაში. ყველაფრის მიუხედავად, კახა კალაძე მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს“, – აღნიშნულია GQ-ს პუბლიკაციაში.

კითხვაზე, თბილისის მერად არჩევის შემდეგ რა იყო პირველი, რის კეთებასაც შეუდგა და რა ჩანდა ყველაზე რთული, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა პირველ რიგში სისტემისა და სტრუქტურის რეფორმა დაიწყო, რათა მათ მიერ შემუშავებული პოლიტიკა უფრო ეფექტიანად გაეტარებინათ, შეემცირებინათ ბიუროკრატიული პროცესები და გაეუმჯობესებინათ სერვისების ხარისხი, რაც მისი თქმით, გამოუვიდათ.

„თავიდან ყველაზე რთული მეჩვენებოდა ქალაქის მოწესრიგება. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ თანდათან ვაწესებთ გარკვეულ რეგულაციებს, რომელმაც შედეგად უნდა გააქროს მრავალწლიანი ქაოსი, უნდა მოაწესრიგოს თითქმის ყველა სფერო, დაწყებული ტრანსპორტითა და მშენებლობებით, დამთავრებული ტურისტულ წერტილებში ხმაურით. ურბანული გარემო პირველ რიგში ადამიანებისთვის უნდა იყოს კომფორტული. ამას კი სჭირდება ის, რომ ჩვენ, თითოეულმა მოქალაქემ ავიღოთ პასუხისმგებლობა ასეთი გარემოს შექმნაზე, გავიღოთ ჩვენი კონტრიბუცია თუნდაც წესების დაცვით, ქალაქზე ზრუნვით. მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის გარეშე, ასეთი რამ შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა მალევე დავინახე, რომ ჩემი ქალაქი მენდობა და იზიარებს ჩემს ხედვას ამასთან დაკავშირებით. ეს მაშინ მოხდა, როდესაც პირველად გამოვედი ინიციატივით, მომხდარიყო საცხოვრებელ კორპუსებთან განთავსებული ძველი, საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ავტოფარეხების დემონტაჟი და ამ ტერიტორიაზე მოგვეწყო საერთო სარგებლობის დასასვენებელი სივრცეები. მოქალაქეების სურვილისა და საერთო მიზნის გარეშე ამას მუნიციპალიტეტი ვერ გააკეთებდა. დღეს უკვე ჯამში 220-ზე მეტი ავტოფარეხია აღებული და მათ ნაცვლად მოწყობილია 10 დასასვენებელი სივრცე. ეს პროცესი გრძელდება და იმედი მაქვს, რომ რკინის გაუგებარი კონსტრუქციების ნაცვლად, ქალაქს კიდევ უფრო მეტი სასარგებლო სივრცე შეემატება, პირველ რიგში ბავშვებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა კრიტერიუმებით აფასებს საქმეში მიღწეულ წარმატებას, კახა კალაძემ აღნიშნა: „თითოეულ სფეროში, რაც მუნიციპალიტეტს ეხება, ჩვენ ახლა ვყრით საფუძველს უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რომელთა შედეგი მოგვიანებით უფრო სრულყოფილად შეფასდება“.

ამ წლის მთავარი მიღწევად კახა კალაძე ასახელებს იმას, რომ მოქალაქეებმა დაიწყეს აქტიური მონაწილეობა პროცესებში.

„გვეხმარებიან, გვაკრიტიკებენ, გვაქებენ. ჩვენ ერთი გუნდი გავხდით – ქალაქის გადარჩენისა და განვითარების გუნდი. ეს ნამდვილად გვჭირდება. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი, რომ ქალაქის განვითარება მისი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. რაც მთავარია, დემოკრატიულ საწყისებზე მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთნაირად არ ფიქრობს, თუმცა ჩვენ ვუსმენთ ჩვენს მოქალაქეებს და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ აზრს, მათთან ერთად დარგის სპეციალისტების შეფასებებს და ა.შ. მაგალითად, ასეთი შემთხვევა – თბილისის ერთ-ერთი ცნობილი ადგილია ვარაზისხევი, რომელზეც ქვაფენილია დაგებული. მე ვკითხე თბილისის მცხოვრებლებს, რას ფიქრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვაფენილი თანამედროვე, მაღალხარისხიანი ასფალტით შეცვლილიყო. მოსახლეობის აზრი ორად გაიყო და ეს ნორმალურია. ამაზე გადაწყვეტილება საბოლოოდ არ მიგვიღია, თუმცა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვიფიქროთ საუკეთესო შედეგზე“, – აღნიშნავს თბილისის მერი.

კითხვაზე, როგორ წყვეტს, რა დრო დაუთმოს ქალაქის განვითარებას მისი მცხოვრებლებისთვის და რა – ქალაქის სტუმრებს, კახა კალაძე ამბობს, რომ ასე დაყოფა არასწორია.

„ქალაქი ერთი მთლიანია თავისი სტუმრებით და თბილისელებით. პრობლემები და მიღწევებიც ამ ქალაქში საერთოა. ჩვენ არ ვამკობთ ქალაქის ფასადებს ტურისტებისთვის და არ ვმალავთ ამ ქალაქის მცხოვრებთა არსებულ პრობლემებს. თბილისი ერთნაირად მყუდრო იქნება ყველასთვის“, – აცხადებს კახა კალაძე.

კითხვაზე, ​ყველაზე მეტად რას აფასებენ მასში თანამშრომლები და რა აღიზიანებთ მათ, კახა კალაძე აღნიშნავს: „ზუსტად ვერ გეტყვით. იქნებ მათ კითხოთ? ალბათ ღამის თათბირები, როცა ყველა დაღლილია. რას აფასებენ ჩემში – ამან მეც დამაინტერესა“.

GQ-ს ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ამერიკული „ფორბსის“ ვერსიით, თბილისი ახალი ბერლინია. კითხვაზე, რამდენად მისაღებია ასეთი განსაზღვრება, კახა კალაძე აცხადებს, რომ სამუშაო ბევრია, თუმცა თბილისი უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება მსოფლიოსთვის.

„ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო ამ მიმართულებით, მაგრამ დასახული მიზანი მახარებს და სტიმულს მაძლევს. მიხარია, რომ ჩვენი დედაქალაქი თანდათან უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება მსოფლიოსთვის და ბევრი ტურისტი გვსტუმრობს. ამაზე მეტყველებს ყოველწლიურად, შთამბეჭდავად მზარდი სტატისტიკა. არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ჩვენი რომელიმე ქალაქისთვის შედარება. თბილისი თბილისია, 15-საუკუნოვანი ისტორიით, სხვადასხვა ეროვნებისა თუ რელიგიის მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციით, მრავალფეროვანი, ცოტა ეკლექტურიც, მაგრამ ძალიან საინტერესო და მზიანი“, – ამბობს კახა კალაძე.

რაც შეეხება ხუთ გადამწყვეტი ფაქტორს, რომლებმაც თბილისი ბოლო დროინდელ მოდურ მიმართულებად აქციეს, ასეთებად კახა კალაძე – ძველი თბილისს, სამზარეულოსა და ღვინოს, უსაფრთხოებას, ხელმისაწვდომ საცხოვრებელსა და ღამის თბილისს ასახელებს.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ თბილისში ტურისტების რიცხვი გაზრდილია და ამასთან თბილისის მერის მოსაზრებით ინტერესდება, რას ვერ ამჩნევენ ტურისტები ქალაქში და რისთვისაც აჯობებდა ყურადღების მიქცევა.

„ვფიქრობ, ვერ ამჩნევენ ჩვენს ყოფით პრობლემებს, ყოველდღიურ რუტინას. იმდენი დაგროვდა ამ წლებში, როდის გავუმკლავდებით, არ ვიცი. ალბათ ეს იმიტომ ხდება, რომ ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. ვცდილობთ, ჩვენი პრობლემები თავს არავის მოვახვიოთ, თუმცა ეს ჩვენი რეალობაა და მის დაძლევას ყოველდღიურად ვცდილობთ“, – აღნიშნავს თბილისის მერი.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, თბილისის განვითარების მოდელი გამოყენებულ იქნას სხვა ქალაქებისთვის, მაგალითად, ერევანი თუ განვითარდებოდა ამ სქემით, კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისი უნიკალურია.

„ალბათ არა. თბილისი უნიკალურია, ისევე, როგორც უნიკალურია ერევანი. როგორც ორი მსგავსი ადამიანი არ არსებობს, ისე არ არსებობს ორი მსგავსი ქალაქიც“, – აცხადებს კახა კალაძე.