კახა კალაძე - ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა ძალიან დიდი სიბინძურეა, რაც შეეხება უმცირესობებს, ეს ადამიანები საქართველოში ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან, მათ უფლებებს იცავს კანონი და სახელმწიფო
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას გამოეხმაურა.
დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბავშვებში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის კატეგორიული წინააღმდეგია, რაც შეეხება განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებს, მათი უფლებები სახელმწიფოს მიერ სრულად არის დაცული.
„ჩემი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანია პირველი შემთხვევა არ არის, ხშირია, როდესაც პოლიტიკოსების ოჯახის წევრების მიმართ მსგავსი კამპანია და ბულინგი ხორციელდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არის ძალიან დიდი სიბინძურე და კატეგორიულად მიუღებელი. საქართველოში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ყოველთვის იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ადამიანებს არავის დაცვა არ სჭირდებათ, რადგან, ქვეყნის სხვა მოქალაქეების მსგავსად, მათ იცავს კანონი და სახელმწიფო. სექსუალური ორიენტაცია ადამიანების პირადი საქმეა და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ამაში, თუმცა პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია. არაერთხელ მითქვამს და ეს არის ჩემი დამოკიდებულება – ყოველთვის ვიქნები ამის წინააღმდეგი, თუმცა ყოველთვის ვიდგები იქ, რომ ამ ადამიანების უფლებები იყოს დაცული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ლგბტ თემს მისგან და მისი მეუღლისგან ის ადამიანი „იცავს“, რომლის მეუღლე წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი იდეოლოგი იყო.
„რაც შეეხება კამპანიას, ის ჩემი მეუღლის წინააღმდეგ წამოიწყო ქალბატონმა, რომელიც ვითომ „იცავს“ ამ ხალხის უფლებას და იცავს ვისგან? ჩემგან და ჩემი მეუღლისგან. ეს სამწუხარო რეალობაა. ყველა ხედავს, ვინ არის ეს ადამიანი. მისი მეუღლე წლების განმავლობაში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი იდეოლოგი. ის სიბინძურე, ბოროტება, რაც ხდებოდა ქვეყანაში ცხრა წლის განმავლობაში 2012 წლამდე, ამ ყველაფრის მთავარი იდეოლოგი იყო მისი მეუღლე. არ ვიცი, რამდენი ფაქტი ჩამოვთვალო: ოჯახების გაუბედურება, მკვლელობები, ადამიანის უფლებების დარღვევა, შეურაცხყოფა. გახსოვთ, ოდესმე გამოსულიყო და დაეგმო ეს ყველაფერი? დღეს ეს ადამიანი გამოდის და ვითომ იცავს ადამიანის უფლებებს და იცავს ჩემგან და ჩემი მეუღლისგან. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, თუმცა არ მიკვირს, რადგან ისინი აგრძელებენ ყველაფერ იმას, რასაც აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. დღეს რა რესურსი და შესაძლებლობაც აქვთ, იმას აკეთებენ – ცდილობენ, დააბულინგონ ადამიანები, შეუვარდნენ ოჯახებში და შეურაცხყოფა მიაყენონ და ა.შ. საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.