კახა კალაძე - ბავშვების გადაყვანისას უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფა არ შეიძლება
უსაფრთხოების წესების დაცვა ბავშვების გადაყვანისას, არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამის უგულვებელყოფა არ შეიძლება. ამის შესახებ თბილისის მერმა, გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის კომენტირებისას გააკეთა. კახა კალაძემ დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. შესაბამისი ტექსტი კალაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„საშინელი ტრაგედია დატრიალდა გომბორის გზაზე, სასწავლო წლის მიწურულს დასასვენებლად და გასართობად მიმავალი მოსწავლეებით სავსე ე.წ. “მარშრუტკა” გადავარდა გზიდან…
უსაფრთხოების წესების დაცვა ბავშვების გადაყვანისას არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამის უგულვებელყოფა არ შეიძლება. როგორც ქალაქის ტერიტორიაზე დადიან სასწავლო წლის მანძილზე სხვადასხვა სკოლების ავტობუსები, შესაბამისი აღნიშვნებით და სიჩქარით, ასევე ყურადღება და წესების დაცვაა საჭირო მძღოლების მხრიდან ქალაქებს მიღმა გზებსა და ტრასებზე.
ვუსამძიმრებ ამ საშინელი ტრაგედიისას დაღუპულების ახლობლებს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.”-წერს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, დღეს გომბორის უღელტეხილზე, თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასელები ავარიაში მოხვდნენ. შედეგად, დაიღუპა ოთხი და დაშავდა 23 ადამიანი. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.