კახა კალაძე - ბარიერი საერთოდ უქმდება, რითაც ყველა პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას, მოხვდნენ პარლამენტში
ბარიერი საერთოდ უქმდება, რითაც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას, მოხვდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მან „ქართული ოცნების“ინიციატივას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარების შესახებ, უპრეცედენტო უწოდა.
„დღეს პარტიის თავმჯდომარისგან, ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. იცით, რომ ეს ეხება კონკრეტულად არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და უპრეცედენტოს ვუწოდებ ამ გადაწყვეტილებას. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბარიერი საერთოდ უქმდება, რითაც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას, თუ საზოგადოების მხრიდან ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა, რა თქმა უნდა, მოხვდნენ პარლამენტში და პარლამენტში დააფიქსირონ თავიანთი ხმა სხვადასხვა საკითხზე. ვფიქრობ, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს ეყოლებათ თავიანთი წარმომადგენელები საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ რეფორმის ფარგლებში დიდი მხარდაჭერა ექნება.
„მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ვფიქრობ, პარტია „ქართულ ოცნებას“, ამ რეფორმის ფარგლებშიც ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა და ჩვენ არაერთი მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ დაწყებული 2012 წლიდან, რაც კი არჩევნები ჩატარდა, გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ პრობლემას, ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.