ბარათაშვილის ხიდთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი უახლოეს მომავალში მოიხატება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გმირთა მოედნის შემდეგ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი მოიხატება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელები ერთ-ერთი საუკეთესო ადგილები იქნება.
„ეს იქნება უკვე ანაზღაურებადი ჩვენი მხრიდან, რომ კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ახალგაზრდები და ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას. ასევე ვგეგმავთ, რომ ამ ადგილზე მუსიკოსებს მიეცეთ შესაძლებლობა, ყოველ პარასკევსა და შაბათს, გამვლელები თავიანთი შესრულებით დაასაჩუქრონ. ვფიქრობ, მიწისქვეშა გადასასვლელები იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილები ჩვენს ქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დასრულდა. მოხატვაში მონაწილე მხატვრებს გუშინ დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეხვდა და ე.წ. STREET ART-ის შესრულებით მოხატული კედლები მათთან ერთად დაათვალიერა.
თბილისის მერის განცხადებით, მიწისქვეშა გადასასვლელი დასუფთავდა, მოწესრიგდა განათება და უახლოეს პერიოდში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება.
STREET ART ფესტივალში მონაწილეობა 30-მდე მხატვარმა მიიღო. პროექტში მონაწილეობის მსურველები თბილისის მერიასა და „თბილსერვის ჯგუფს“ სოციალური ქსელებისა და ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, მხატვრებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. შეირჩა 30 მხატვარი, რომლებმაც გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაზე იზრუნეს. მათ უცხოელ მხატვართა ჯგუფიც შეუერთდა, რომლებმაც ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.