კახა კალაძე - ბაქრაძე-ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ, მათ მორალური უფლება არ აქვთ, სხვას დააბრალონ, როცა მოღალატეები თავად არიან
კახა კალაძე - ბაქრაძე-ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ, მათ მორალური უფლება არ აქვთ, სხვას დააბრალონ, როცა მოღალატეები თავად არიან

ოპოზიციის საარჩევნო კამპანია, ძირითადად, სალომე ზურაბიშვილის შავ პიარზეა აგებული, რაც ჩემი აზრით, სერიოზული პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ მათთვის არის, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„ჩვენ ძალიან ბევრ ტყუილს ვისმენთ. ისინი ცდილობენ, მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ ომთან დაკავშირებით და ა.შ. ბაქრაძე-ვაშაძე ერთი გუნდის წევრები იყვნენ და„ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ, ამ ადამიანებსა და გუნდს კი არანაირი მორალური უფლება არ გააჩნიათ, ომზე ისაუბრონ და მოღალატეობა სხვას დააბრალონ, მაშინ როცა მოღალატეები თავად არიან“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, მათ მიერვე ჩადენილი დანაშაული „ქართულ ოცნებას“ და დამოუკიდებელ კანდიდატს გადააბრალონ. როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციას ეს არ გამოუვა, რადგან ყველა ქმედებაზე შესაბამის პასუხს მიიღებენ.

„ძალიან ბევრ რამეზე კიდევ მიჭერს საუბარი, რადგან ყველაფერზე ლაპარაკი არ შეიძლება, ისევ და ისევ ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კალაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ დაიწყო ასეთი ერთობლივი კამპანია მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წინააღმდეგ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მმართველი გუნდის წევრი იქნებოდა თუ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი, მის მიმართ ოპოზიციის პოლიტიკა განსხვავებული არ იქნებოდა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა თბილისის მერი, რომ სალომე ზურაბიშვილის საწყისი განცხადებები პოლიტიკური თვალსაზრისით გადაჭარბებული იყო, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისგან განსხვავებული არაფერი უთქვამს. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, რეზოლუციაში წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ, გაუფრთხილებლად საარტილერიო ცეცხლის გახსნამ განაპირობა რუსეთ-საქართველოს სრულმასშტაბიანი ომის დაწყება.

შეკითხვაზე, რამდენად საფუძვლიანია ოპოზიციის განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა ძალიან მცირეა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 28 ოქტომბერს საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი და ყველა პოლიტიკურ პარტიასა თუ კანდიდატს თავის ადგილს მიუჩენს.

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ეს გააკეთა 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებზე, 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე, 2014-ში თვითმმართველობის არჩევნებზე, 2016 წელს და 2017 წელს. მოსახლეობა, შესაბამისად, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს ყველასთვის ნათელი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.