კახა კალაძე - ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა საქართველოს ანტისამთავრობო მიტინგზე და კონკრეტული მესიჯების გაჟღერება არც მეგობრობაა და არც პარტნიორობა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიუღებელია ისეთი მოწოდებები, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ეხება. ამის შესახებ კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მანვე განმარტა, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანას მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაქცია ექნებოდა.
„მე არ მომიგონია ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოსაზრებები. ამასთან დაკავშირებით უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს გაუკეთებია არაერთი განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობდნენ, გვირჩევნია, ჩვენს ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო და ა.შ. მძიმე იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა საქართველოში, ანტისამთავრობო მიტინგზე მათი გამოსვლა და კონკრეტული მესიჯების გაჟღერება. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ასეთი ფაქტი რომ მომხდარიყო, ალბათ ხვდებით, როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ მათ მიმართ. ვგმობთ ასეთ ფაქტებს. ეს არ არის არც მეგობრობა და არც პარტნიორობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.