კახა კალაძე - ბაღების მენიუ გასაჯაროვდება, რათა გარკვეულმა ადამიანებმა საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ
ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ინფორმაცია, რომ მერიამ აღსაზრდელების კვების მენიუ შეამცირა, აბსოლუტური სიცრუეა.
თბილისის მერმა დღევანდელ მთავრობის სდომაზე ხუთი დღის მენიუ – განრიგიც წარადგინა. მისივე თქმით, კვების რაციონი ძირითადად ცილოვან პროდუქტებს შეიცავს.
“შეგახსენებთ, რომ გაერო-ს ბავშვთა ფონდი დიდი ხანია აღნიშნავდა, რომ საქართველოში ბაგა-ბაღების მენიუ კალორაჟი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისად, 2017 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავრობამ მიიღო 487-ე დადგენილება, რომლის მიხედვით, განისაზღვრა კალორაჟის ახალი ნორმა. აღნიშნული კალორაჟის მიხედვით, მოხდა მენიუს დამტკიცება საერთაშოროსო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. არსებულ რაციონში მოიმატა ცილოვანი პროდუქტების რაოდენობამ, მათ შორის, ხორცის, თევზის, ყველისა და რძის პროდუქტებმა და შემცირდა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქრები, მათ შორის, მარილისა და შაქრის დღიური ნორმა. ჩვენ ვერ დავუშვებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. აქ მთავარ სიტყვას ამბობენ სპეციალისტები და ჩვენ ვალდებულები ვართ, ზედმიწევნით დავიცვათ მათი რეკომენდაციები. მინდა წარმოგიდგინოთ მენიუ, თუ რით იკვებება ჩვენი მომავალი თაობა, ეს დაურიგდება მერიას და გასაჯაროვდება, რათა საზოგადოება გარკვეულმა ადამიანებმა არ შეიყვანონ შეცდომაში”,- განაცხადა კალაძემ.