კახა კალაძე - ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ დაგეგმილი გვაქვს ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ბაგებს ქავთარაძის ქუჩასთან დააკავშირებს
თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მომდევნო ეტაპზე გადავიდა. ხიდზე ლითონის მალის ნაშენის გადაცურების სამუშაოები და ბურჯებზე დამონტაჟების პროცესი დასრულდა. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის – ახალი ხიდი, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩას და ბაგების დასახლებას დააკავშირებს. სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, ხიდი უკვე ბურჯებზე დგას. გარკვეული დრო დასჭირდა ამ სამუშაოებს, რადგან ძალიან დიდი სიფრთხილით მიმდინარეობდა. შესაბამისი ექსპერტები აკვირდებოდნენ ამ ყველაფერს. აპრილში უნდა დასრულდეს პროექტი. ხიდი ოთხზოლიანი იქნება, ასევე ახალი მისასვლელი ეწყობა ბაგების გზაზე, თავისი წრიულით. ეს სამუშაოები ცოტა ადრე დამთავრდება, თუმცა მთლიანობაში პროექტი აპრილში დასრულდება. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ქავთარაძის ქუჩას დააკავშირებს ბაგებთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის ცნობით, ამ დროისთვის რკინა-ბეტონის ფილების მონტაჟი და საიზოლაციო სამუშაოები იწყება. ასევე, უახლოეს პერიოდში მოაჯირები მოეწყობა. ბოლო ეტაპზე, სახიდე გადასასვლელზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა გარე განათების ქსელი.
პროექტის ფარგლებში, პარალელურად, ბაგების დასახლების მხარეს ხიდთან მისასვლელი გზის და სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად ასფალტის საფარის ქვედა ფენები იგება, ხოლო ტროტუარებზე მიწისქვეშა კაბელ-არხები ეწყობა, სადაც საჰაერო სადენები გადავა. ასევე, მოეწყობა გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება LED-სანათები.
მიმდინარე სამუშაოებს ასევე გაეცნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.