კახა კალაძე - აუდიტის დასკვნა ადასტურებს, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების რეფორმა სწორი ნაბიჯია
აუდიტის სამსახურის დასკვნა ადასტურებს, რომ მერია სწორი მიმართულებით მიდის და ეკოლოგიისა და გამწვანების სფეროში დაწყებული რეფორმა სწორი ნაბიჯია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძე აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც 2015-16 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტში გამწვანების ღონისძიებებსა და უძრავი ქონების განკარგვის სფეროებში გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი.
„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ეფექტიანად დაინერგოს და განხორციელდეს გამწვანების ღონისძიებები, მიზნობრივად დაიხარჯოს თითოეული თეთრი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით გამოიყო. გასულ კვირას, დავამტკიცეთ ხეების სახეობები, რომლითაც ჩვენი დედაქალაქი გალამაზდება“, – განაცხადა თბილისის მერმა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს მადლობა გადაუხადა.
კახა კალაძის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არავის მისცემს ლავირების საშუალებას და გამწვანების საკითხების საკუთარ გემოვნებასა და ინტერესებზე მორგების შესაძლებლობას.
ამასთან, მერის თქმით, გამწვანების ღონისძიებები მხოლოდ დარგვით არ შემოიფარგლება და თითოეულ ნარგავს სათანადო მოვლა-პატრონობა სჭირდება.
“ჩვენ უკვე განვახორციელეთ მთელი რიგი სამართლებრივი და ინსტიტუციური ცვლილებები. დღეს დედაქალაქის საკრებულო ამტკიცებს შესაბამის აქტებს, ხოლო გუშინ საქართველოს მთავრობამაც შეიტანა შესაბამისი ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთლიანად მთავრობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი შეფასებით, ყველა ჩამოთვლილი ღონისძიება კომპლექსურად დაარეგულირებს თბილისში ნებისმიერი ტიპის მწვანე ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხს, ასევე, შექმნის შესაძლებლობას ქალაქის გამწვანების პროცესი იყოს ეფექტიანი და გავლენა მოახდინოს დედაქალაქის ეკოლოგიაზე.