კახა კალაძე - აუცილებელი არ არის, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გახდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება პრინციპულად მნიშვნელოვანია
კახა კალაძე - აუცილებელი არ არის, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გახდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება პრინციპულად მნიშვნელოვანია

მიხარია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობაში ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არიან ჩართული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდი „ქართუს“ მიერ საქართველოს რაგბის კავშირისთვის სამი ახალი სარაგბო კომპლექსის გადაცემის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, არსებობდეს ინფრასტრუქტურა, რათა სპორტსმენებს კარგ გარემოში ვარჯიშის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„წარმატებები, რომელიც ჩვენ რაგბიში გვაქვს, არ არის შემთხვევითი, შესაბამისად, ამისთვის საფუძველი არის ჩაყრილი და ეს საფუძველი ჩაუყარა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“. მნიშვნელოვანია, არსებობდეს ინფრასტრუქტურა, რათა სპორტსმენებს კარგ გარემოში ვარჯიშის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 200 მილიონი ლარის ინვესტიცია აქვს ფონდ „ქართუს“ განხორციელებული ამ მიმართულებით და ყველა ინფრასტრუქტურა, რომელიც არის დასრულებული, საჩუქრად გადაეცა საქართველოს რაგბის კავშირს.

ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს უნდა ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი. არ არის აუცილებელი, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გახდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ეს ყველგან და ყველაფერში დაგეხმარებათ, ამიტომ ხელი შევუწყოთ სპორტს, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და მიხარია, რომ ამ ყველაფერში ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არიან ჩართული. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ბორჯღალოსნებს წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სამი ახალი სარაგბო კომპლექსი გადასცა.