კახა კალაძე - „ატლანტიკური საბჭოს“ მონაცემები არის კონკრეტული ფაქტი, რომ ყველანაირი მიმართულებით საქართველო წინ დგამს ნაბიჯებს
„ატლანტიკური საბჭოს“ მონაცემები არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე. ყველანაირი მიმართულებით საქართველო წინ დგამს ნაბიჯებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე. ყველანაირი მიმართულებით საქართველო წინ დგამს ნაბიჯებს. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში, ეს ჩვენი გუნდის და ქართველი ხალხის დამსახურებაა. სასიამოვნოა, როცა თეთრზე გეუბნებიან თეთრს და ნაცარს არ გაყრიან თვალებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველო მზად არის, რომ 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ზაფხულისთვის შესრულებული იყოს.
„სიმართლე არის ერთი – საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმით და პარამეტრით არის გაცილებით წინ, ვიდრე ის ქვეყნები, თუნდაც მოლდოვა, უკრაინა, ვისაც მაშინ კანდიდატის სტატუსი მისცეს. საქართველო დაჩაგრეს და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. დღესაც ყველა კრიტერიუმით საქართველო არის წინ და მზადაა იმისთვის, რომ ის 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ზაფხულისთვის მთლიანად შესრულებული იყოს; ქვეყანა მზად არის, რათა გაიხსნას მოლაპარაკებები, თუმცა აქაც მგონია, რომ მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, შანტაჟი, რასაც ვხედავთ ამ ბოლო თვეების განმავლობაში მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა.