კახა კალაძე - ასოცირების საბჭომ საქართველოში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოგვიწოდა ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ
ასოცირების საბჭომ საქართველოში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოგვიწოდა ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, რაც მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბრიუსელში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა.
„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც მნიშვნელოვანია. ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება და განვითარება. ასოცირების საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები. ასოცირების საბჭომ საქართველოში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოგვიწოდა ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ჟოზეფ ბორელის განცხადებები, სადაც მან ხაზი გაუსვა, რომ ეუთო ჩატარებულ არჩევნებს განიხილავს როგორც თავისუფალსა და დამოუკიდებელს. ვიზიტი ასევე მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მიაწოდა ინფორმაცია იმ მძიმე დარღვევების შესახებ რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, მათ შორის ზაზა გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.