კახა კალაძე - აშშ-ის გადაწყვეტილება მიუღებელია, ვიმედოვნებ, წარმოდგენილი იქნება მტკიცებულება, რა იყო საბაბი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნება სასამართლოზე ზემოქმედებად
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, აშშ-ის მიერ რამდენიმე მოსამართლის დასანქცირების თაობაზე გადაწყვეტილება მიუღებელია.
კახა კალაძე იმედოვნებს, რომ წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია, რის საფუძველზე დასანქცირდნენ ეს ადამიანები.
„ძალიან ბევრი კომენტარი და განმარტება გაკეთდა. ბევრმა ადამიანმა გამოთქვა თავისი მოსაზრება. ილია დარჩიაშვილს ჰქონდა ძალიან კარგი წერილი ამასთან დაკავშირებით, სადაც დეტალურად იყო მოყვანილი კონკრეტული მაგალითები, მაგალითად, რა ხდებოდა საქართველოში 2012 წლამდე, რა ვითარება, როგორი დამოკიდებულება იყო საზოგადოების მხრიდან და რა გვაქვს დღეს. ამ ყველაფრის შედარება ნებისმიერ ადამიანს ძალიან მარტივად შეუძლია. შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინეთ, ძალიან მიუღებელია, ვინაიდან არანაირი ფაქტი, მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.
დიდი იმედი მაქვს, წარმოდგენილი იქნება რაღაც, რის მიხედვით იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, რა იყო ამ ყველაფრის საბაბი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი, გადაწყვეტილება აღქმული იქნება სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზემოქმედებად. ვფიქრობ, ასეთი გადაწყვეტილება, დამოკიდებულება დააზიანებს ურთიერთობას, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის“, – განაცხადა კახა კალაძემ.