კახა კალაძე - „არსენალ დეველოპმენტში“ 2011 წლიდან აღარ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს
კახა კალაძე - „არსენალ დეველოპმენტში“ 2011 წლიდან აღარ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. არსენალის მთის პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან 2011 წლიდან არანაირი შეხება და ინტერესი არ გააჩნია. ამის შესახებ მან მედიასთან ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდების საპასუხოდ ისაუბრა.

კითხვაზე, რატომ არავინ სთხოვს კომპანია „არსენალ დეველოპმენტს“ დავალიანების გადახდას, კახა კალაძე პასუხობს, რომ სახელმწიფო დავალიანების გადახდას ვერავის მოსთხოვს, რადგან პროექტის ვერგანხორციელებას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები და ასევე, სახელმწიფოსა და ინვესტორის ვალდებულებები თანხვედრაში ვერ მოვიდა.

„სახელმწიფო დავალიანების გადახდას ვერავის მოსთხოვს. 2007-2008 წელს კომპანიამ აღნიშნული ტერიტორიის შეძენაში 20 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამის შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა ფორსმაჟორი, დაიწყო ომი. შესაბამისად, როგორც ქვეყნის, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში უდიდესი პრობლემა წარმოიშვა. ამის შემდეგ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები – ან ადგილმონაცვლეობასთან, ან თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა – ჩემი პოლიტიკური განცხადებები. 2011 წლიდან მე აღნიშნულ კომპანიაში არ ვარ, აქ ჩემი ინტერესები საერთოდ არ არის. გამიჭირდება პასუხის გაცემა, რადგან მე აღნიშნულ კომპანიასთან არანაირი შეხება არ მაქვს. ვალდებულებები ორივე მხარეს იყო, როგორც ინვესტორის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება იყო სარკინიგზო მაგისტრალის გადატანა, გზების მიყვანა. ინვესტორსაც ჰქონდა ვალდებულება, რომ იქ გაეშენებინა ახალი უბანი. თუმცა, ეს ვალდებულებები თანხვედრაში ვერ მოვიდა და ვერ შესრულდა. ეს დაკავშირებული იყო საომარ მდგომარეობასთან, მსოფლიო კრიზისთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.