კახა კალაძე - არსებული რეალობიდან გამომდინარე, სხვა პრიორიტეტები გაჩნდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უარს ვამბობთ
რთული ვითარების მიუხედავად, დედაქალაქის მერია ცდილობს, არ შეჩერდეს და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად დასრულდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
პანდემიის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების წარდგენისას, თბილისის მერმა დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.
„იცით, რომ 2020 წელი ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. ჩვენ წლის დასაწყისში ვისაუბრეთ და საზოგადოებას წარვუდგინეთ ის მსხვილი პროექტები, რომლის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, თუმცა დღეს მოგვიწევს ბევრი რამის გადაფასება. არსებული რეალობიდან გამომდინარე, სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები გაჩნდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უარს ვამბობთ. ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქალაქს, მოსახლეობას, ოღონდ პრიორიტეტები იქნება გადანაწილებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმაც ისაუბრა. მისი განცხადებით, მთელი ქალაქის მასშტაბით, ამჟამად, 550-დან 600-მდე ადამიანი 24 საათის განმავლობაში, შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით მუშაობს.
„ბუნებრივია, შეზღუდვებმა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაზეც იქონია გარკვეული სახის შეფერხებები, თუმცა მიუხედავად ამისა, სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქალაქში მიმდინარე არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა. სამუშაოები იმავე რეჟიმში მიმდინარეობს და 24-საათიანი მობილიზება არსებობს. პროცესში ჩართული ყველა ადამიანი შესაბამისი ნიღბებითა და სადეზინფექციო საშუალებებით არის აღჭურვილი. ისინი მაქსიმალურად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს. გარდა ამისა, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში არიან ჩართული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, თბილისის განვითარების ფონდის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის, მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები და ა.შ. 24-საათიანი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, მინდა, თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისის მერის მოადგილემ დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„არსებობს მოლოდინი, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გარკვეული თანხით შემცირდეს. ამის მიუხედავად, ჩვენს მიერ მაინც ცხადდება ყველა ტენდერი, ხოლო მას შემდეგ, რაც ბიუჯეტის მოცულობა და ოდენობა საბოლოოდ ჩამოყალიბდება, კონკრეტული პროექტების ხარჯვითი ნაწილი და სამუშაოების შესრულება დაიწყება“, – განაცხადა ირაკლი ბედნელიანმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მაქსიმალურად ცდილობს, გამოწვევებს გაუძლოს და ინფრასტრუქტურული სამუშაოების კუთხით, შეფერხება არ არსებობდეს.