კახა კალაძე - არსებობენ ე.წ. ტაქსის მძღოლები, რომლებიც არიან კონკრეტული პარტიების წევრები და მათი განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის
თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლების დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არსებობს რეალური ტაქსის მძღოლები და ე.წ. ტაქსის მძღოლები.
მისი თქმით, მეორე კატეგორიის მძღოლები რეალურად „ლეიბორისტული პარტიის”, „ნაციონალური მოძრაობის”და „ევროპული საქართველოს” წევრებს წარმოადგენენ და არ აქვთ საერთო იმ ტაქსის მძღოლებთან, რომლებთანაც თბილისის მერია მოლაპარაკებებს მართავს.
„არსებობენ რეალური ტაქსის მძღოლები, რომელთაც შექმნილი აქვთ საინიციატივო ჯგუფი და ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ მათთან, მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ მათი მოთხოვნით.
ამავდროულად, არსებობენ მეორე – ე.წ. ტაქსის მძღოლები, რომლებიც არიან კონკრეტული პარტიების წევრები; ეს არის „ლეიბორისტული პარტია”, „ნაციონალური მოძრაობა”, „ევროპული საქართველო”. მათი განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის იმიტომ, რომ ის ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.
რაც შეეხება რეალურად ტაქსის მძღოლებს, მათთან მიმართებაში მთელი რიგი დათმობები განვახორციელეთ. მათ შორის, ის რომ მარჯვენა საჭიანებს 2021 წლამდე მივეცით შესაძლებლობა „ბე” (B) კატეგორიაში გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ასევე, გადაღებვასთან დაკავშირებით იყო პრობლემები. აქაც შემოვიღეთ ფირის გადაკვრის შესაძლებლობა და უკვე ასამდე მძღოლმა ისარგებლა ამ სერვისით.
გარდა ამისა, ვინც ათ ოქტომბრამდე ვერ მოასწრო დარეგისტრირება და შემდეგ არის დარეგისტრირებული მათაც მივეცით შესაძლებლობა, მიეღოთ ვაუჩერები.
ასევე, პირველი იანვრის შემდეგ დარეგისტრირებულებსაც, ვისაც 15 წელზე ახალი ავტომობილი ჰყავს, მათაც აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ როგორც გადაკვრის და შეღებვის ვაუჩერით, ასევე ქიმწმენდის ვაუჩერითაც.
შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 95% ვისაც ლიცენზია ჰქონდა, ყველა მოიცვა, რაც მნიშვნელოვანია, რათა მიიღონ აღნიშნული ვაუჩერები”, – განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს და მათი მოთხოვნები აპოლიტიკურია და ემიჯნებიან ყველანაირ პოლიტიკურ მოწოდებას.
„ყველა პოლიტიკურ პარტიას, „ნაციონალური მოძრაობა” იქნება, „ლეიბორისტული პარტია” თუ ნებისმიერი სხვა, ვთხოვთ, თავი შეიკავონ მძღოლებთან სოციალურ საკითხებში ჩარევისგან.
ასევე, მოვუწოდებთ ახლადშექმნილ ე.წ. საინიციატივო ჯგუფს, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან. ნუ მისცემთ საშუალებას პოლიტიკურ პარტიებს, რომ მართონ მძღოლები. ჩვენ, მძღოლები ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა მოწესრიგდეს დედაქალაქში ტრანსპორტი”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვალერი ქადაგიშვილმა.
ტაქსის მძღოლები 18 აპრილიდან პერმანენტულ აქციებს გეგმავდნენ, თუმცა, მოგვიანებით, განაცხადეს, მერიასთან რომ გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია და კონსულტაციების პარალელურად, აქციების საჭიროებას ვეღარ ხედავენ.
ტაქსის მძღოლების განცხადებით, მოლაპარაკების შედეგად, ავტომობილების გადაღებვის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება ფირის გადაკვრა. ასევე, მერიის გადაწყვეტილებით, მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლები „ბე“ (B) კატეგორიაში მუშაობას 2021 წლამდე შეძლებენ.
ამასთან, მოგვიანებით, ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის სახელით განცხადება გაკეთდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ისინი პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან აპირებენ თანამშრომლობას.