კახა კალაძე - არიან ადამიანები, რომლებიც მიწების დატაცებით, იქ შენობა-ნაგებობების განთავსებით ხელს ითბობენ, ამ თემას ჩავყვებით ბოლომდე, თუ ვინმეს ჰგონია, ვერ მივაგნებთ, ძალიან ცდებიან
კახა კალაძე - არიან ადამიანები, რომლებიც მიწების დატაცებით, იქ შენობა-ნაგებობების განთავსებით ხელს ითბობენ, ამ თემას ჩავყვებით ბოლომდე, თუ ვინმეს ჰგონია, ვერ მივაგნებთ, ძალიან ცდებიან

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროდ, ქალაქის ბევრ უბანსა და რაიონში მიმდინარეობს უკანონოდ მიწების დატაცება და შემდეგ იქ შენობა-ნაგებობის განთავსება.

მისივე თქმით, იქ, სადაც გუშინ მშენებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა, არც ერთი ადამიანი არ ცხოვრობდა.

„ამ ტერიტორიის ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები, ასევე მიტაცებულ მიწებზე აშენებული აქვთ სახლები და ოჯახებით ცხოვრობენ. ჩვენ ამ ოჯახებს არ შევხებივართ და მხოლოდ იმ ობიექტების დემონტაჟი განხორციელდა, სადაც უშუალოდ მშენებლობები მიმდინარეობდა – ზოგი საძირკველში იყო, ზოგი ნახევარზე იყო ამოშენებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არაერთხელ მოხდა გაფრთხილება, რომ თავადვე განეხორციელებინათ დემონტაჟი, მათ ეს არ გააკეთეს. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რადგან მიუღებელი და დაუშვებელია სახელმწიფო ქონების ასე დატაცება, ასე მოპყრობა.

ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, კარგად მესმის გაჭირვება და ყველას გამოგვივლია, ყველამ ვიცით, რა არის გაჭირვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც მოვიპაროთ, მივიტაცოთ, ეს მიდგომა მიუღებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთეთო, რათა ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ, იყოს მხარდაჭერა, თანადგომა და შემთხვევით არ არის, რომ დედაქალაქის მერიის ბიუჯეტი 2021 წლისთვის იქნება 350 მილიონი. დაახლოებით, 22 მილიონით იზრდება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება, რომ დავეხმაროთ ყველაზე მეტად იმ ოჯახებს, ვისაც ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება.

წლის განმავლობაში სხვადასხვა პროექტის სახით დაახლოებით 500 ათას ადამიანს ვეხმარებით. მე არასდროს გამიკეთებია განცხადებები, არასდროს მისარგებლია მანიპულაციებით, პირადად მეც, რა თქმა უნდა, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ჩემი ოჯახიც გვერდით ვუდგავართ ადამიანებს სხვადასხვა დახმარების სახით“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენელს, რომელიც პანდემიის პერიოდში მერიის მიერ წამოწყებული პლატფორმის მეშვეობით, გვერდით უდგას დედაქალაქის მოსახლეობას.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიწების დატაცებით, იქ შენობა-ნაგებობების განთავსებით ხელს ითბობენ, თუმცა ამ თემას ბოლომდე გაყვებიან.

„მე თავს შევიკავებ, არ დავასახელებ მათ სახელსა და გვარს, გუშინ მთელი სოციალური ქსელი მოიცვა მამა-შვილის ფოტომ, რომელიც გავრცელდა. ამასთანავე, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია. ეს ყველაფერი ხდებოდა მიზანმიმართულად, ეს იყო კარგად დაორგანიზებული შემოტავა, თითქოს ჩვენ ამ მამა-შვილს დავუნგრიეთ საცხოვრებელი სახლი, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე.

შემდეგ რა მოყვა და როგორ განვითარდა მოვლენები, ყველამ იცის, ამ თემას არ დავუბრუნდები. როდესაც ხდება მიწების დატაცება, ბევრი სოციალურად დაუცველი, მართლაც გაჭირვებულია, მაგრამ ასევე არიან ადამიანები, ვინც მიწების დატაცებით, იქ შენობა-ნაგებობების განთავსებით ხელს ითბობს. ჩვენ ამ თემას ჩავყვებით ბოლომდე, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვერ მივაგნებთ, არ გამოიკვეთება ის ადამიანი, ადამიანების დაჯგუფება, ძალიან ცდებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.