კახა კალაძე - არჩევნები ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი სრულად პროპორციული სისტემით და 5-პროცენტიანი ბარიერით რომ ჩატარებულიყო, ბარიერს მხოლოდ ორი პარტია გადალახავდა
„ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძის განცხადებით, არჩევნები ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი სრულად პროპორციული სისტემით და 5-პროცენტიანი ბარიერით რომ ჩატარებულიყო, ბარიერს მხოლოდ ორი პარტია გადალახავდა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო მანდატების ორი მესამედი, ანუ ასი მანდატი შეხვდებოდა წილად, ოპოზიციას კი მხოლოდ 50 მანდატი.
„შესაბამისად, ამ სისტემით ჩვენ შევძელით კიდევ უფრო პლურალისტური პოლიტიკური გარემოს შექმნა და ამომრჩევლებს მივეცით შესაძლებლობა, მაქსიმალურად ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელთაც შეძლეს მოსახლეობის თუნდაც 1 პროცენტის მხარდაჭერის მოპოვება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მხარდამჭერებს გამარჯვებას, მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, თითოეულ ადამიანს ამ გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის. წინ მეორე ტურები გველის და მოგიწოდებთ მაქსიმალური მობილიზაციისკენ. ჩვენ ერთად, ყოველთვის გავიმარჯვებთ. ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.