კახა კალაძე - არჩევანი მარტივია, დარწმუნებული ვარ, მთაწმინდის მოსახლეობა 9 ივნისს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს
არჩევანი მარტივია და დარწმუნებული ვარ, მთაწმინდის მოსახლეობა 9 ივნისს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, მთაწმინდის მოსახლეობა 9 ივნისს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. არჩევანი მარტივია. არჩევანი არის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატს შორის. აქ რთული არჩევანი ნამდვილად არ არის გასაკეთებელი. ბატონი ლადო კახაძე უპატიოსნესი ადამიანი და თავის საქმის პროფესიონალია, რომლის ძირითადი ღირებულება სიკეთე და ადამიანის დახმარებაა. „ქართული ოცნების“ სახით, ბატონ ლადოს ზურგს უმაგრებს ძალიან ძლიერი გუნდი და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, მოვაგვაროთ ყველა პრობლემა, რომელიც მთაწმინდის მოსახლეობას დღეს აწუხებს“, – განაცხადა კალაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის ზღვარს არ ავლებს „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რადგან შალვა შავგულიძის პარტია „ევროპულ საქართველოსთან“ არის გაერთიანებული, კალაძემ განაცხადა, რომ ეს ასეა.
„თუ გადავხედავთ, ამ პარტიის წევრები ვინ არიან, კარგად დავინახავთ, რა კავშირი აქვთ ამ ადამიანებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რა კავშირი ჰქონდათ წლების წინ, როდესაც ისინი მმართველობაში იყვნენ. ამაზე საუბრის გაგრძელება არ მინდა, რადგან ეს ყველამ კარგად იცის; იცის როგორც მთაწმინდის მოსახლეობამ, ასევე მთელი საქართველოს მოსახლეობამ. ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს და მათზე საუბარში დრო არ უნდა დავხარჯოთ“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არსებული პრობლემების მოგვარების რესურსი აქვს, რომელიც მთაწმინდაზე მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს, არის „ქართული ოცნება“. კალაძის განცხადებით, ლადო კახაძე საქართველოს პარლამენტში მთაწმინდელთა ინტერესების გამტარებელი იქნება.