კახა კალაძე - არც საქართველოსა და ქართველ ხალხს, არც უკრაინასა და უკრაინელ ხალხს არ უნდათ სააკაშვილის მსგავსი დესპოტი
არც საქართველოსა და ქართველ ხალხს, არც უკრაინასა და უკრაინელ ხალხს არ უნდათ სააკაშვილის მსგავსი დესპოტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინული ტელეარხის, „112“-ის ეთერში განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა და მეგობრობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე გასამართლებული პირის დანიშვნა პოლიტიკურ პოსტზე.
„რამდენიმე წლის განმავლობაში ვცხოვრობდი უკრაინაში, დიდი სიყვარული მაკავშირებს უკრაინასთან, უკრაინელ ხალხთან, ჩემთვის ძვირფასია უკრაინელი ხალხი, ძალიან ვაფასებ და მიყვარს. სწორედ ამიტომ, მათ ვუსურვებ წარმატებებს, აყვავებას და ეს გამახარებს ისე, როგორც ჩემი ქვეყნის, საქართველოს წარმატებები.
დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელიც არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, არ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და არ დანიშნავს ვიცე-პრემიერად სისხლის სამართლის წესით გასამართლებულ პირს.
თქვენ ალბათ იცით, რომ სააკაშვილს ორ საქმეზე აქვს გამოტანილი განაჩენი სამი ინსტანციის და მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ერთ-ერთი საქმის თანახმად, მან დეპუტატს მიუგზავნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც ისე სცემეს, რომ ძლივს გადარჩა. მეორე საქმე კი, ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა. არის კიდევ რამდენიმე საქმე, რომლებიც განიხილება, მათ შორის რვა მილიონის გაფლანგვა, მიტინგის დაშლა, მედიის მიტაცება და სხვა.
ისტორია და პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი ხალხების ურთიერთობა და მეგობრობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე გასამართლებული პირის დანიშვნა პოლიტიკურ პოსტზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რას აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, კარგად იციან ამ ქვეყნის მოქალაქეებმა.
„არც საქართველოს, ქართველ ხალხს და არც უკრაინას, უკრაინელ ხალხს არ უნდათ სააკაშვილის მსგავსი ავანტიურისტი და დესპოტი. ეს დაამტკიცეს საქართველოში, ეს დაამტკიცეს უკრაინაში, როდესაც დანიშნული იყო ოდესის ოლქის გუბერნატორად. პროვოკაციებისა და პირადი პოლიტიკური ქულების დაწერის გარდა, მას არაფერი გაუკეთებია.
რაც შეეხება იმას, რა გააკეთა საკაშვილმა საქართველოში, ეს კითხვა დაუსვით ქართველ ხალხს და დეტალურად მოისმენთ იმ საშინელებების შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მან ჩაიდინა საქართველოში. საქართველოს რიგით მოქალაქეებს კითხეთ ამის შესახებ და მოისმინეთ მათი პასუხები“, – მიმართა კახა კალაძემ გადაცემის წამყვანს.
კითხვაზე, აქვს თუ არა სააკაშვილს რეფორმების გატარების უნარი, კალაძემ აღნიშნა, რომ მას მხოლოდ ძალაუფლება აინტერესებს.
„2003 წელს გვჯეროდა, რომ სააკაშვილი თავისი რადიკალურობის გამო მართლაც გაატარებდა რეფორმებს, მაგრამ მალე ყველაფერი გასაგები გახდა – ამ ე.წ. ანტიკორუფციული რეფორმების ფასი იყო ქუჩაში დახოცილი ათეულობით ახალგაზრდა, მედიის მონოპოლიზება, ბიზნესების მიტაცება, პატიმრების სასტიკი წამება, მასობრივი მოსმენები და პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ძალადობრივი რეჟიმის დამყარება.
საბოლოოდ, ამ ყველაფრის მიზანი იყო ძალაუფლების შენარჩუნება, მოწინააღმდეგეების მოცილება და საკუთარი კომფორტის ზონის გაფართოება. სააკაშვილს შეუძლია, იმოქმედოს მხოლოდ ავტორიტარულ გარემოში. დემოკრატიის პირობებში ის მარგინალი ხდება. ამიტომ, უნდა დაფიქრდეს ყველა, ღირს თუ არა შეიქმნას ძალადობრივი რეჟიმი სააკაშვილის ავანტიურისტული მიზნების განსახორციელებლად. მას ყოველთვის უნდა აბსოლუტური ძალაუფლება. ეს ნიშნავს, რომ ის ყველაფერზე არის წამსვლელი იმისათვის, რომ ის მიიღოს. თუკი უკრაინა მას საშუალებას მისცემს, თუნდაც ნებისმიერ თანამდებობაზე დაინიშნოს, ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდება. ასეთია მისი ხასიათი, ასეთი ადამიანია ის. ამიტომ არის, რომ მაღელვებს ეს საკითხი, როგორც თქვენი ქვეყნისა და ხალხის თაყვანისმცემელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თანამდებობაზე სააკაშვილის შესაძლო დანიშვნამ შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე იმოქმედოს.
„სააკაშვილი არის ავანტიურისტი, რომელიც ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე და მოქმედებს მხოლოდ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე; არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი პრინციპი; რომელიც არაფრად აგდებს სახელწიფოს ინტერესებს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე, რომ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა დააზარალებს იმ ურთიერთობას და სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც აქვთ ჩვენს ქვეყნებს. შემდეგ კი, პირადად სააკაშვილი იზრუნებს იმაზე, რომ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს რაც შეიძლება ბევრი პრობლემა შეექმნათ. მიმაჩნია, რომ საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც სააკაშვილი გუშინდელი დღეა, ჩვენ ყველაფერი გვახსოვს, უნდა გვახსოვდეს წარსულის გაკვეთილები, უნდა ვიაროთ სულ წინ და უკან არ დავიხიოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.