კახა კალაძე - არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება, რეგულაციებს მაქსიმალურად დავიცავთ
თბილისის მერი კახა კალაძეს აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ტრანსპორტში რეგულაციები დაიცვან.
კალაძის თქმით, შესაბამისი სამსახურები მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს მერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულებას მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს.
„ტრანსპორტზე რეგულაციებს, რაც მოთხოვნილი იყო, მაქსიმალურად დავიცავთ, არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება. ამის ბევრი მაგალითებიც გვქონდა. ძალიან დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად არ იკეთებდნენ პირბადეს, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეეზღუდათ. ავტობუსები რაც ჰყავს დედაქალაქს, ყველა გაშვებულია ხაზზე და ემსახურება თბილისს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა მოიხსნა. დღეიდან აღდგა როგორც მეტროს, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება მკაცრად გაკონტროლდება, სამარშრუტო ტაქსებში დაცული იქნება საკოორდინაციო საბჭოს ყველა რეკომენდაცია.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო იყო შეჩერებული.