კახა კალაძე - არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, გთავაზობთ, ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს
არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, ჩემო დებო და ძმებო, ჩემო მეგობრებო, მე გთავაზობთ, რომ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს და ნარკორეალიზატორებს – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მიმდინარეობს სპეკულაციები, რომ გუშინ მომხდარი არის ღამის ეკონომიკასა და კლუბურ მუსიკაზე დარტყმა.
„რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ვისმენთ არაერთგვაროვან განცხადებებს და მიმდინარეობს სპეკულირება, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, ამაში ვერ დავეთანხმები. საუბარია, რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და ამ დარგის არსებობაზე. ამაში ვერ დავეთანხმები.
სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებთ, რომ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა, რომელიც არის წარმატებული, აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენი მხრიდან იქნება თანადგომა და მაქსიმალური ხელშეწყობა.
ვამაყობთ იმ წარმატებებით, რაც აქვს ჩვენს დედაქალაქს. თუმცა უნდა გაიმიჯნოს მეორე, რომელიც არის სამწუხარო და არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, ვთავაზობ ყველას, ჩემო დებო და ძმებო, ვიცი, რომ ჩემდამი ამ ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული პატივისცემა, რასაც მე ვაფასებ. მე გთავაზობთ, რომ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს და ნარკორეალიზატორებს.
ეს ყველაფერი სერიოზულად ურტყამს თუნდაც კლუბურ მუსიკას. ურტყამს იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს. ჩვენ გვიკვდება შვილები, ჩვენ გვიკვდება ძმები, დები, ჩვენი თანამოქალაქეები. დარწმუნებული ვარ, ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს გამოსული არიან, ერთად შევძლებთ, დავამარცხოთ და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, მთავრობის გუნდი დილიდან მსჯელობს აღნიშნულ საკითხზე და მათი კარი მოლაპარაკებისთვის ღიაა.