არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ააყირაონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება, რომელიღაც კონკრეტული პარტია ან პოლიტიკოსი ვერ გაარჩიონ და ვერ თქვან, რომელი პოლიტიკური პარტიაა.
„იქ იყვნენ ადამიანები, ვისაც მართლა ევროპული მომავალი აღელვებთ. ეს თემა მათთვის წითელი ხაზია და საქართველოში ასეთი ადამიანი ბევრია. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. ასევე, იქ იყო „გირჩის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც სპეციალურ ტრენინგებს გადის, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდები, „ფრანკლინის სკოლა“ და ეს საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა. ამასთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას. შეტაკებები როდესაც დაიწყო, იყო მოლოტოვის კოქტეილების, ქვების სროლა. სპეცდანიშნულების ჯგუფი დაიხევდა უკან, შეაჩერებდა ყველანაირ დაშლას, მაშინვე უკან ბრუნდებოდნენ და იგივე გრძელდებოდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდებოდა, რომ გარკვეული არეულობა და დაპირისპირებები კიდევ უფრო სიღრმეებში წასულიყო, მაგრამ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ააყირაონ“, – განაცხადა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.