კახა კალაძე - არავის, მით უმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ მივცემთ საშუალებას, პოლიტიკურ პროცესებში არეულობა და დესტრუქცია შეიტანოს
კახა კალაძე - არავის, მით უმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ მივცემთ საშუალებას, პოლიტიკურ პროცესებში არეულობა და დესტრუქცია შეიტანოს

არავის, მით უმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ მივცემთ საშუალებას, თუნდაც მინიმალურ დონეზე შეიტანონ არეულობა და დესტრუქცია პოლიტიკურ პროცესებში, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საუბარს ასახავს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ეს საარჩევნო კამპანია არსებითად არა საპრეზიდენტო კანდიდატების სამომავლო ხედვების წარდგენის რეჟიმში, არამედ ფარული ჩანაწერების ფონზე წარიმართება.

„ამ საუბარმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით რა ხალხთან გვაქვს საქმე, როგორ არის მოწყობილი მათი აზროვნება, რა გეგმები აქვთ მათ საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და როგორია მათი დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.

როდესაც ასეთი ზიზღით მოიხსენიებს ყოფილი პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს, ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი ნათელია. ამ ჩანაწერის მოსმენისას, ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, თუ რა იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების მთავარი მიზეზი: ისე რომ მოექცე საკუთარ ქვეყანას და ხალხს, როგორც სააკაშვილის რეჟიმი ექცეოდა, ეს ქვეყანა და ხალხი აუცილებლად უნდა გძულდეს.

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ ცნობს თუ არა ამ ჩანაწერის ავთენტურობას, მისი უტყუარობის მთავარი მტკიცებულება სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულებია. ჩვენ არავის და მით უმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე შეიტანონ არეულობა და დესტრუქცია პოლიტიკურ პროცესებში. არ დავუშვებთ, რომ ასეთი აზროვნების მქონე ადამიანებმა თუნდაც მცირე დოზით მოახერხონ რეანიმაცია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. ამაზე არის პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ ქართული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.