კახა კალაძე - არავის მიეცემა უფლება, ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს, შემოიტანოს არეულობა, თუ მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლის სურვილი ექნება, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით
არავის მიეცემა უფლება და შესაძლებლობა, ქვეყანაში ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს, შემოიტანოს არეულობა, რევოლუცია და ა.შ. დღეს საზოგადოება განვითარდა და, ზოგადად, თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლის სურვილი ექნება, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, არა რევოლუციით და არა გადატრიალებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, ხელისუფლება ყოველთვის დადგება მოწოდების სიმაღლეზე, დაიცავს ქვეყანას, ხალხს და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს.
„ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის მიდგომები, რაც იყო განსხვავებული აზრის მიმართ და ყველას უნდა შეგვეძლოს განსხვავებული აზრის მიღება, ეს არ უნდა წარმოადგენდეს უდიდეს პრობლემას, დღეს გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, მაგრამ როგორც კი იქნება გადაცდენა, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის ფარგლებში. არავის მივცემთ უფლებას, ქვეყანაში შექმნას დესტაბილიზაცია,.ამ ქვეყნის მტრებს აქვთ სურვილი, ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია. მათ არ სჭირდებათ პატრიოტი ხელისუფლება, მათ სჭირდებათ აგენტები ხელისუფლებაში, ვინც მათ ყველა დავალებას შეასრულებს, თუნდაც ქვეყნის საწინააღმდეგოდ, თუნდაც ქვეყნის ომში ჩათრევა, მეორე ფრონტის გახსნა, სანქციებზე მიერთება და ა.შ.
ის გამოწვევები და სირთულეები, რაც იყო, რაზეც ვსაუბრობდით, დღესაც დღის წესრიგშია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლო და არავის მიეცემა უფლება და შესაძლებლობა, ქვეყანაში ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს, შემოიტანოს არეულობა, რევოლუცია და ა.შ. დღეს საზოგადოება განვითარდა და, ზოგადად, თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლის სურვილი ექნება, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, არა რევოლუციით და არა გადატრიალებით. არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით რადიკალურ დაჯგუფებებს და ძალებს არ მოგეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ. ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს“, – განაცხადა კალაძემ.