კახა კალაძე - არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქალაქის მასშტაბით უკანონო მშენებლობა განახორციელოს და მიწები დაიტაცოს
კახა კალაძე - არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქალაქის მასშტაბით უკანონო მშენებლობა განახორციელოს და მიწები დაიტაცოს

დედაქალაქის მერია მუნიციპალური მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების შემთხვევებზე რეაგირებას ამკაცრებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უკანონო მშენებლობებსა და კანონის დაუმორჩილებლობას მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება.

კახა კალაძემ დედაქალაქში მსგავსი კანონდარღვევების ამსახველი კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და შესაბამისი ფოტომასალაც წარმოადგინა.

„მინდა, ასევე, შევეხო ერთ მტკივნეულ საკითხს, რომელიც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს მუნიციპალიტეტისთვის. ეს არის მუნიციპალური მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობები. არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაგვიდგამს და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, ჩვენ არასდროს შევეგუებით უკანონობას. არასდროს შევეგუებით გარკვეული კრიმინალური ჯგუფების მხრიდან დედაქალაქის მასშტაბით მიწების მიტაცებას და შემდეგ, ამ მიწებზე უკანონო მშენებლობებს. ეს მიწები არის ჩვენი ყველასი, ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების. ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო საკუთრებებზეც ახორციელებენ უკანონო მშენებლობას. ნაკვეთი შეიძლება, იყოს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. გვაქვს ფაქტები, როდესაც ამ მიწების დატაცება ხდება და იქ უკანონო მშენებლობები ხორციელდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, ყველას დავპირდე, რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, ყოველთვის მოჰყვება რეაგირება და მსგავსი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდება. რა თქმა უნდა, მოგეცემათ საშუალება, თქვენვე განახორციელოთ დემონტაჟი და თუ ამას არ გააკეთებთ, მუნიციპალური ინსპექცია და ჩვენი შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია ყველა უსახლკარო თბილისელ ოჯახს დაეხმარება და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს, თუმცა, მიწების მიტაცებას არასდროს დაუშვებს.

ამასთან, თბილისის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს დაავალა, მსგავს ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება გამკაცრდეს და არც ერთი უკანონო მშენებლობა დემონტაჟის გარეშე არ დარჩეს.

„ყველა ის ოჯახი, ვისაც საცხოვრებელი სახლის პრობლემა აქვს და ვინც უსახლკაროს სტატუსს ატარებს, საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. დედაქალაქში, დაახლოებით, 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს. ჩვენ ამ პროგრამის განხორციელებას 2022 წელს ვიწყებთ. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ არც ერთი უსახლკარო თბილისელი ოჯახი არ გვეყოლებოდა. ამ ადამიანებს გადაეცემათ მუნიციპალური საცხოვრისი და მათი პრობლემა გადაჭრილი იქნება, მაგრამ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინოს. მიეცით ამ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ თავადვე მოახდინონ დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მშენებარე ნაგებობების დემონტაჟი განახორციელეთ. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან პრინციპული ვიქნებით ასეთი უკანონობის წინაშე. ჩვენ ისიც ვნახეთ, თუ ვინ დგას ასეთი კრიმინალური საქმიანობის უკან – კონკრეტული ადამიანები, რომელთაც ორი-სამი საცხოვრებელი ბინა აქვთ, რეგიონებში კი ჰექტრობით მიწები. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქის მასშტაბით, უკანონო მშენებლობა განახორციელონ და მიწები დაიტაცონ. ამდენად, იმოქმედეთ, შესაბამისმა სამსახურებმა. თუ საჭირო იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროც ყოველთვის მზადაა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.