კახა კალაძე - არავის ეშინია ოპოზიციის არც ბულინგის, არც შეურაცხყოფის, მოსახლეობა 26 ოქტომბერს ყველა რადიკალს შესაბამის პასუხს გასცემს
ჩვენ მათ ვერ შევცლით. მათ დნმ-შია ბულინგი, ხალხის კვლა, წამება, გაუპატიურება. როგორ შეიძლება, ეს ადამიანები შეიცვალონ? – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას ხელისუფლების მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის ქილიკის შემცველ შეფასებებზე ჰკითხეს.
კახა კალაძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც დღეს მხოლოდ გარედან ნაკარნახები ანტისახელმწიფოებრივი დავალებების შესრულებით არის დაკავებული, საქართველოს მოსახლეობა სათანადო პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს.
„ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ აჩვენეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და მთელ მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და დღეს ოპოზიციაში იმყოფებიან. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც მზად არის, შეასრულოს გარედან ყველა სიბინძურე და დავალება ქვეყნის წინააღმდეგაც კი. ვნახეთ, 2008 წელს რამხელა ბოროტება ჩაიდინეს, ეს იყო ჩვეულებრივი მოღალატეობრივი აქტი. ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი.
არავის ეშინია არც მათი ბულინგის, არც შეურაცხყოფის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს ყველა რადიკალს შესაბამის პასუხს გასცემს. რადიკალიზმის დრო ქვეყანაში დამთავრდა, ბოროტება ვერასოდეს გაიმარჯვებს, მოძალადეები ვერასოდეს გაიმარჯვებენ, ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და მოხდება ამ ქვეყნის განვითარება და წინსვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.