კახა კალაძე - არავინ საუბრობს კანონპროექტის შინაარსზე, გაუგებარია ისტერიკა, რაც გუშინ ვნახეთ
ერთადერთი მცდელობა აქვთ, აღნიშნულ კანონპროექტებს მოახვიონ რუსული შლეიფი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება, საბოლოო დასკვნამდე კი მათ შინაარსზე დისკუსია გახსნილია.
„გაუგებარია ისტერიკა, რაც გუშინ ვნახეთ. არავინ საუბრობს შინაარსზე, რატომ არის ეს კანონი პრობლემა. ერთადერთი მცდელობა აქვთ, ამ კანონპროექტს მოახვიონ შლეიფი, თითქოს რუსული კანონია. ორივე კანონპროექტი გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში, დაველოდებით დასკვნებს. პარალელურად, დისკუსია გახსნილია, ვინმეს თუ შინაარსთან, სახელწოდებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს, პარლამენტი ამისთვის არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი შეფასებით, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი საკმაოდ ლიბერალურია და ერთადერთს – გამჭვირვალობას მოითხოვს.
„წარდგენილია ორი კანონპროექტი – ერთი ანალოგია იმისა, რაც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქიდან არის ნათარგმნი და გადმოტანილი, რაც ჩემი დამოკიდებულებით, არის საკმაოდ ხისტი. მეორე კანონპროექტი, ქართული, საკმაოდ ლიბერალურია, მოითხოვს გამჭვირვალობას – საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, საიდან ფინანსდება ესა თუ ის ორგანიზაცია. გამჭვირვალობა კი რატომ არის ცუდი, არ მესმის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.