კახა კალაძე - არასდროს მოვექცევით ინვესტორს ისე, რომ კანონის ფარგლებს გარეთ გავიდეთ
ინვესტორი, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას აპირებს, გამოდის და საუბრობს, თითქოს ჩვენ ხელებს ვუგრეხთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერია არც ერთ ინვესტორს ისე არ მოექცევა, რომ კანონის ფარგლებს გარეთ გავიდეს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ აშენება არ დაუშვას.
„ინვესტორი, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას აპირებს, პირდაპირ გამოდის და საუბრობს, თითქოს ჩვენ ხელებს ვუგრეხთ. ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით. ჩვენთვის ქალაქისა და თბილისელების ინტერესები პირველია, არასდროს ინვესტორს ისე არ მოვექცევით, რომ კანონის ფარგლებს გარეთ გავიდეთ. თითოეული ცენტრის ინვესტიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია. კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, ადამიანების დასაქმების თვალსაზრისით. არ გავაგრძელებ საუბარს, ყველა კარგად ვხვდებით. თუმცა, შანტაჟის ენის საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და ამ ინვესტორმა, ვისთანაც გასდიოდა შანტაჟის ენით საუბარი, ისევ იმას ესაუბროს. ჩვენ ვართ კატეგორიულები. კატეგორიულად მიუღებელია ამ შენობა-ნაგებობის განთავსება ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში, ვაკის პარკში. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მშენებლობა არ დავუშვათ ვაკის პარკში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ სასტუმროს მშენებლობაზე გიგი უგულავას მიერ გაცემული ნებართვა არის ძალიან დიდი დანაშაული თბილისისა და თბილისელების წინაშე. ამასთან, კალაძის თქმით, „კორუმპირებული გიგი უგულავა ნათელი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი“.