კახა კალაძე - არასამთავრობოთა განცხადებები ტენდენციურია და რეალურად არ ასახავს საარჩევნო პერიოდში არსებულ პრობლემებს
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები ტენდენციურია და რეალურად არ ასახავს პრობლემებს, რომლებიც არის საარჩევნო პერიოდში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
„უამრავი მაგალითი შემიძლია, მოვიყვანო ამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი შეფასებაც კი, რომელიც მოვისმინეთ ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებაზე, იყო სრულიად აღმაშფოთებელი და სამარცხვინო. საზოგადოებამ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია, გავერთიანდეთ, რომ ასეთი ფაქტები არ დავუშვათ“,-განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, როდესაც საუბარია არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოზე, არსებობს კონკრეტული პოლიტიკური პარტია, კონკრეტული ძალები, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას.
„ისინი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ე.წ. საარჩევნო კამპანიის წარმართავს. ძირითადად დაკავებული არიან იმით, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ ოპონენტებს, ცდილობენ, ჩაუშალონ ღონისძიებები. ეს ყველაფერი ცნობილი და ნათელია. დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვაწვდით ყველა ამ ინფორმაციას. მნიშვნელოვანი იქნება, თუ არასამთავრობო სექტორი ამ მიმართულებით გააქტიურდება და ისაუბრებს დარღვევებზე, რომელებიც დღეს არსებობს საარჩევნო კამპანიის პერიოდში“, – განაცხადა კახა კალაძემ.