კახა კალაძე - არანაირი უფლება არ გვაქვს, მივუთითოთ, რომელი ქვეყნის წარმოებული უნდა იყოს პროდუქცია, კანონს ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, შესყიდვის პირობებში მწარმოებელი ქვეყანა მიუთითოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დედაქალაქის მერი თბილისის გამგეობების მიერ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის სააღდგომო ნობათების შეძენის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესყიდვა შესაბამისი კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა.
„ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს კონკრეტული პროდუქტების შესყიდვაზე. არანაირი უფლება არ გვაქვს, მივუთითოთ, რომელი ქვეყნის წარმოებული უნდა იყოს პროდუქცია. კანონს ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი და არ შეიძლება ამის გაკეთება. შესაბამისად, თუ ჩამონათვალში არის რუსული პროდუქტი, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში. მთავარია, იყოს ის პროდუქცია, რისი მოთხოვნაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.