კახა კალაძე - არაერთხელ გვინახავს პლატფორმები, გაერთიანება-დაშლა, ამაში სიახლე არაფერია, მაგრამ პოლიტიკური მომავალი არ აქვს იმ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურება
ალბათ არაერთხელ ვიხილავთ, რომ ვიღაცები დაიშლებიან, ვიღაცები გაერთიანდებიან, მაგრამ არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს იმ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, სიახლე არაფერია იმაში, რომ ოპოზიციის ნაწილი პლატფორმებს ქმნიან და ერთიანდებიან.
„ჩვენ არაერთხელ გვინახავს ასეთი პლატფორმები, მათი შეკრა-დაშლა, სიახლე არაფერია. ჩვენ ვიცით, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები, რას ემსახურებიან, რა არის მათი ძირითადი სამოქმედო გეგმა, სამიზნე. ცხადია, მათ ქმედებებში ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, სხვა ქვეყნის ინტერესები კი, შეიძლება, იყოს. ალბათ არაერთხელ მოგვიწევს მსჯელობა და იმის ნახვა, რომ ვიღაცები დაიშლებიან, ვიღაცები გაერთიანდებიან, მაგრამ არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს იმ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურება.
თავისი შინაარსით ეს ადამიანები ერთნი არიან, არაფრით განსხვავდებიან. დღეს შეიძლება, „ნაცი“ ერქვას, ხვალ „ლელოს“ დაირქმევს, ზეგ „ევროპული საქართველო“ იქნება, მაზეგ კიდე ვიღაც. არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამ ადამიანების სულისკვეთება და მსოფლმხედველობა ქვეყნის განვითარების, მომავლის წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.