კახა კალაძე - არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტებები, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესს და ყოველთვის ეს მიდგომა გვექნება
ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესს და, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვექნება ეს მიდგომა, დამოკიდებულება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს ყოფილი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა: „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის ელჩი. ჰეი, „ქართულო ოცნებავ“, იცით, რომ რუსეთი აგებს?“.
კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად საუბრობენ არსებულ რეალობაზე და იმ უბედურებაზე, რაც უკრაინაში ხდება.
„ძალიან ბევრი განცხადების ამოღება შეიძლება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად საუბრობენ არსებულ რეალობაზე და იმ უბედურებაზე, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. ასეთი ძალიან ბევრი განცხადების მოპოვება შეიძლება. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის პოზიციას, არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესს და, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვექნება ეს მიდგომა, დამოკიდებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.