კახა კალაძე - არ ვიცი, პოდოლიაკი რატომ ინტერესდება ჩვენი ქვეყნით მაშინ, როდესაც ამხელა უბედურება ტრიალებს უკრაინაში
არ ვიცი, პოდოლიაკი რატომ არის საქართველოთი დაკავებული, რატომ ინტერესდება ჩვენი ქვეყნით მაშინ, როდესაც ამხელა უბედურება ტრიალებს უკრაინაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, რომ „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე თუ ვინმეს რაიმე წარმატება აქვს, ეს არის ჩვენი ქვეყანა.
„არც შევადარებ ახლა. უკრაინაში ამხელა უბედურება ტრიალებს – ომი, გაჭირვება, უამრავი დაღუპულია, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ჯარისკაცები, უამრავი ლტოლვილი ადამიანია. როგორ შეიძლება, ვისაუბროთ უკრაინაზე ამ უმძიმეს მდგომარეობაში, მაგრამ თუ შევადარებთ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, საქართველო ყველა პარამეტრით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წინ არის. შესაბამისად, სტატუსსაც თუ ვინმე იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა. თუმცა აღნიშნული არასამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა, ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს იყო მცდელობა, დაეჩაგრათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და აღნიშნული გადაწყვეტილება შემდეგ პოლიტიკურად გამოეყენებინათ ჩვენს ქვეყანაში და ხალხისთვის ეთქვათ, რომ იცით, თქვენ ხალხი, ქართველები იმსახურებთ სტატუსს, ევროპას, ევროპულ მომავალს, მაგრამ მთავრობა გყავთ ცუდი. ეს იყო რეალობა და ამის მცდელობა ჰქონდათ, ხალხი გამოეყვანათ და მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის დაეპირისპირებინათ. მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, დღევანდელ მოცემულობაში როდესაც ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არსებობს, ძალიან რთულია ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელება და დააჯერონ საზოგადოება.
შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, გააკეთებს მომავალშიც, რათა მოხდეს ევროინტეგრაცია, ქვეყანამ მიიღოს სტატუსი და გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას“, – განაცხადა კალაძემ.