კახა კალაძე - არ ვაპირებ, კიდევ რამდენიმე წელი ველოდოთ, როდის განახლდება მიკროავტობუსები, ორ კვირაში წარმოადგინეთ კონკრეტული გეგმა
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დევანდელ სხდომაზე მიკროავტობუსების საკითხზე ისაუბრა. კალაძის თქმით, შეგნებულად იკავებდა თავს მიკროავტობუსებთან დაკავშირებით რაიმე სახის განცხადების გაკეთებისგან, ვიდრე ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის კვლევის შედეგი არ გახდებოდა ცნობილი. მისივე განმარტებით, კვლევამ აჩვენა, რომ ქალაქში მიკროავტობუსების როლი, მათი არსებობა მნიშვნელოვანია. თუმცა, მერის განცხადებით, მიკროავტობუსები, რომლებიც დღეს დედაქალაქში მოძრაობენ, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
„ჩვენი ყველა აქტივობის დროს, იქნება ეს სხვადასხვა პროექტები, ჩემი ვიდეოლაივები, თუ ახალი ავტობუსების წარდგენა, ყოველთვის, მოსახლეობის მხრიდან, ისმის შეკითხვები, რა იქნება მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, როდის მოხდება მათი განახლება, ჩანაცვლება. ეს კითხვები ლეგიტიმურია, რადგან არავის მოსწონს, რა მდგომარეობაშიცაა მიკროავტობუსები, დისკომფორტულია ამ მიკროავტობუსებით გადაადგილება. ბოლო პერიოდში, რაც დავიწყეთ ახალი ავტობუსების შემოყვანა, ჩანაცვლების პროცესი, ძალიან დაიკლო მიკროავტობუსებში მგზავრების რაოდენობამ. ცხადია, ყველას აქვს სურვილი, განახლებული, მოწესრიგებული, ახალი ავტობუსებით იმგზავროს. აქამდე ჩვენი პოზიცია მიკროავტობუსებთან დაკავშირებით არ დაგვიფიქსირებია. გეტყვით, რა იყო ამის მიზეზი. ავიყვანეთ ფრანგული კომპანია „სისტრა“, რომელთანაც გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და ის ახორციელებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ანალიზს. ჩვენთვის გარკვეული პერიოდი საერთოდ უცნობი იყო, საჭირო იქნებოდა თუ არა ზოგადად მიკროავტობუსების არსებობა დედაქალაქში. როგორც იცით კვლევა უკვე ჩაბარებულია, ანალიზიც არის გაკეთებული და ქალაქის რელიეფის თავისებურებებიდან გამომდინარე, ასევე იქიდან გაომდინარე, რომ ყველა ქუჩაზე შეუძლებელია იმ ავტობუსების გადაადგილება, რომელიც შემოჰყავს დედაქალაქის მერიას, ეს არის 12-მეტრიანი, 10-მეტრიანი, რვამეტრიანი ავტობუსები და სამომავლოდ ვგეგმავთ კიდევ უფრო დიდი ავტობუსების შემოყვანას, საუბარია 18-24-მეტრიან ავსტობუსებზე, შესაბამისად, კვლევამაც გვიჩვენა, რომ მიკროავტობუსების როლი ქალაქში არის მნიშვნელოვანი. საზოგადოებას კი არ უნდა შეუმცირდეს ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა, არამედ უნდა გავუზარდოთ. მიკროავტობუსების როლი შიდა, საუბნო დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია. კვლევა გვაიჩვენებს, რომ მიკროავტობუსები აუცილებელია, თუმცა შეიძლება არა იმ რაოდენობით, რაც იყო თავდაპირველად“ ,- განაცხადა კალაძემ.
კალაძემ ვიცე-მერს დაავალა, სასწრაფოდ დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია კერძო კომპანიასთან, რომლის მფლობელობაშიც მიკროავტობუსებია. კალაძის განცხადებით, ორი კვირის ვადაში უნდა იყოს წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდება 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება.
„მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. საზოგადოების მხრიდან შეიძლება, წყენაც და მითითება იმაზე, როდის მოხდება მათი ჩანაცვლება, არის ლეგიტიმური. არ უნდა გვეწყინოს, როდესაც საზოგადოება გამოთქვამს უკმაყოფილებას ამ პრობლემასთან დაკავშირებით. დღემდე მიზანმიმართულად არ ვსაუბრობდით ამაზე, რადგან ველოდებოდით დასკვნას, რომ შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადაგვედგა. ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, მიუღებელია მიკროავტობუსების ამ დგომარეობაში ხილვა ქალაქში, როდესაც დაწყებული გვაქვს ავტობუსების პარკის მთლიანი განახლება და ჩანაცვლება. როდესაც ხედავ ქალაქში, რომ მიკროავტობუსები გადაადგილდებიან ამ მდგომარეობაში, გამონაბოლქვის თვალსაზრისით, ზოგს საერთოდ ძირი აქვს გავარდნილი და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, არ ვაპირებ, კიდევ რამოდენიმე წელი ველოდოთ, თუ როდის მოხდება ამ მიკროავტობუსების ჩანაცვლება, განახლება. მინდა, ვიცე-მერს, ბატონ ირაკლის დავავალო, რაც შეიძლება სწრაფად, ორი კვირის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია შესაბამის კომპანიასთან. იცით, რომ ეს არის კერძო კომპანიის საკუთრება. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა ხელშეკრულების გაფორმება, თუ არ ვცდები 2030 წლამდე არის ხელშეკრულება. დაიწყეთ მოლაპარაკება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი. ჩემთვის, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მოახერხოს კომფორტულად გადაადგილება ქალაქის სხვადასხვა ქუჩaზე. ორ კვირაში წარმოადგინეთ კონკრეტული გეგმა იმის შესახებ, რომ 2020 წლიდან დაიწყოს ჩანაცვლების პროცესი“ ,- აღნიშნა კახა კალაძემ.