კახა კალაძე - არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ
კახა კალაძე - არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ

არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში , – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქით“ ვიდეომიმართვისას გააკეთა.

დედაქალაქის მერი ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა.

„მოგესალმებით ყველას, ვინც დღევანდელ ვიდეომიმართვას ელოდება, რათა გაიგოს სიმართლე და მათაც, ვინც ეს სიმართლე მაყურებელს დაუმალა. ყოველდღიურად სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება უამრავი ცრუ ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, რომ ფეიკნიუსებმა წალეკა მედიასივრცე. ეს პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის. თქვენ იცით, რომ ცრუ ინფორმაციას ებრძვის მთელი მსოფლიო. ჩერჩილს აქვს ასეთი გამოთქმა – „ტყუილი ასწრებს ნახევარი მსოფლიოს შემოვლას, მაშინ როცა სიმართლეს ჯერ შარვალიც არ ჩაუცვამსო“. ასეა, სამწუხაროდ, ტყუილი კარგად საღდება, ამიტომ, არასდროს უნდა დაგვეზაროს სიცრუისა და დეზინფორმაციის მხილება. ნუ გვგონია, რომ სიმართლის თქმა ზოგჯერ ზედმეტია. რა ვქნათ, ვუსმინოთ როგორ გვატყუებენ, როგორ ცდილობენ შექმნან გამოგონილი რეალობა? ჩემი პასუხი უკვე იცით – არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. თქვენ კი, ვინც ახლა მიყურებთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ – არ გაჩუმდეთ დეზინფორმაციაზე, რადგან დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.