კახა კალაძე - არ მგონია, ხაბეიშვილის გარდა, საქართველოში მოიძებნებოდეს პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა
ოპოზიციიდან ვინ სად წავა, რომელ პარტიას დატოვებს ან გაერთიანდება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათ სძულთ ჩვენი ქვეყანა, უსამშობლო ადამიანები არიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით კალაძე გიორგი ონიანის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას გამოეხმაურა.
„ეს შეუქცევადი პროცესია. ოპოზიციაში იკვეთება დაპირისპირება, ამას მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვერ ვიტყოდი, ზოგადად, ოპოზიციაში ხდება გადაჯგუფება. რეალურად, ერთი ჯგუფის წარმომადგენლები არიან. დღეს შეიძლება ერთი სახელი დაირქვან, ხვალ – მეორე. გუშინ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, დღეს „ლელოა“, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოებამ უკვე იცის, ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ, რა არის მათთვის მთავარი მამოძრავებელი, ვისგან, საიდან იმართებიან, ყველაფერი ცხადი და ნათელია. შესაბამისად, ვინ სად წავა და რომელ პარტიას დატოვებს ან გაერთიანდება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათ სძულთ ჩვენი ქვეყანა, მათ სამშობლო არ აქვთ, უსამშობლო ადამიანები არიან. კონკრეტული დავალებები აქვთ და ამ დავალებებს ასრულებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, რატომ ტოვებენ „ნაციონალურ მოძრაობას“, კახა კალაძემ აღნიშნა:
„ვფიქრობ, ამას ყველაზე უკეთ აგიხსნით ხაბეიშვილი. ამაზე საუბარი გამიჭირდება და არ მგონია, ლევან ხაბეიშვილის გარდა, საქართველოში მოიძებნებოდეს პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო, დაეშალა „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.