კახა კალაძე - კორონავირუსს არ გავუთამამდეთ, ჩვენ ეს ბრძოლა ჯერ არ მოგვიგია, ვიყოთ ძალიან ფრთხილად
თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისა და ყველა საჭირო რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ახალ კორონავირუსთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.
„ვხედავთ, ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდება უკვე ქალაქში. თუმცა კიდევ ერთხელ მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ მოწოდებები, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით არის – პირბადეები, წინა სავარძელზე არ დავსხდეთ, არ გავუთამამდეთ, ჩვენ ეს ბრძოლა ჯერ არ მოგვიგია და დამთავრებული არ არის ეს ბრძოლა. ამიტომ მინდა, ყველას ვთხოვო, ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ხელების ხშირი დამუშავება, სადეზინფექციო ხსნარებით ხელების ხშირი დაბანა, არ არის აუცილებელი გადაკოცნა, გადახვევა, ხელის ჩამორთმევა“, – განაცხადა მერმა.
მისი თქმით, აუცილებელია პირბადის გამოყენება.
ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადობრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლების საკითხი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყდება.
„საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება, გადაწყვეტილება მაშინ მიიღება, როდესაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იქნება განსხვავებული და დარგის სპეციალისტები გვეტყვიან, რომ შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა“, – განაცხადა თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.