კახა კალაძე - არ დავუშვებთ, საზოგადოება დავყოთ პრივილეგირებულ ჯგუფებად, ადამიანების გარიყვა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია
არ დავუშვებთ, რომ საზოგადოება დავყოთ პრივილეგირებულ ჯგუფებად, იმისიანებად და ამისიანებად, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის ძალიან მძიმე და ყველამ კარგად დაინახა, ამ მიდგომებმა და დამოკიდებულებამ რა მოიტანა ქვეყნაში.
„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ადამიანები მოვკვეთოთ საზოგადოებიდან, ჩავქოლოთ, გავრიყოთ და გვქონდეს ეს დამოკიდებულება. რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის სიმშვიდე, სტაბილურობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, რადგან გვჭირდება ქვეყნის სწრაფი განვითარება ეკონომიკურად, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე დღეს 7 ნოემბრის მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ 7 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც მოსახლეობის სპონტანური, მრისხანე პროტესტის ნათელი მაგალითი ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული დღე ისტორიაში შესულია, როგორც ხელისუფლებისგან სამარცხვინო ანგარიშსწორების მაგალითი.
„ამ დღეს დაიწყო ფსევდოდემოკრატიის ფასადის რღვევა და რეჟიმის ნამდვილი სახის დემონსტრირება მთელი ევროპის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა, თავისი მედიისა თუ ლობისტების საშუალებით მაქსიმალურად შეეფუთა 7 ნოემბრის გამომწვევი მიზეზები, ტრაგიკული შედეგები და შემდგომი ანგარიშსწორება, დაწყებული პროცესი მაინც შეუქცევადი გახდა და ამ დღის თითოეული შემოქმედის დამსახურებაა, რომ რეჟიმის ჭეშმარიტი სახე დაინახეს უცხოეთშიც. 7 ნოემბერი გახდა რეჟიმის დასასრულის დასაწყისი და პირველ რიგში, ამ ადამიანების წინაშე ვართ ვალდებული, ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ არასოდეს დავუშვათ დემოკრატიის ფასადურობა, არასდროს დავუშვათ ქვეყნის შეყვანა ავტოკრატიული თუ ნებისმიერი სხვა სახის რეჟიმში“, – აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ხალხი და მთავრობა არის ერთი მთლიანი ძალა და არა ერთმანეთის მოწინააღმდეგე ძალები.
„ესაა ქვეყნის განვითარების საწინდარი და ჩვენ ყველამ ერთად მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ თანამშრომლობისა და წინსვლისკენ“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.