კახა კალაძე - არ დავუშვებთ, რომ მიწები მიიტაცონ და უკანონო მშენებლობები აწარმოონ
კახა კალაძე - არ დავუშვებთ, რომ მიწები მიიტაცონ და უკანონო მშენებლობები აწარმოონ

2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით, სამშენებლო საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, ზეპირსიტვიერი გაფრთხილება 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს მიეცა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამშენებლო დარღვევების სტატისტიკა შემაშფოთებელია, რასაც ზედამხეველობის სამსახური ყოველდღიურად აწყდება.

„უსაფრთხოების ნორმებისა და სამშენებლო პროექტის დარღვევებზე დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება 126 ობიექტის მიმართ. დარღვევით მიმდინარე სამუშაოების გამო, შეჩერდა 54 ობიექტი. სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო თანხის მთლიანი ოდენობა 627 000 ლარს შეადგენს. ძალიან საგანგაშოა ეს ციფრები, რომელიც წარმოვადგინე. ჩვენ არავითარ შემთხვევაში თავი არ უნდა დავუხაროთ ამ გამოწვევებს. პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვაწესრიგოთ ეს მიმართულება. ჩვენ ვზრუნავთ იმ ადამიანებზე, ვინც კონკრეტულ მშენებლობებზე მუშაობს, მათ უსაფრთხოებაზე. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რომ მიწები მიიტაცონ და უკანონო მშენებლობები აწარმოონ, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ზედამხედველობის სამსახურის უფროს გიორგი ბაგრატიონს, რეაგირების გარეშე არ დატოვოთ სამშენებლო სამართალდარღვევის არც ერთი ფაქტი“, – განაცხადა კალაძემ.