კახა კალაძე - არ დავუშვებთ, ჩვენს მომავალს სადღაც უცხო ქვეყნებში წყვეტდნენ, ვიდრე ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ყოველთვის დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესს, ამ ქვეყნის მომავალს
თავისუფლების მოყვარე ხალხი ვართ და არ დავუშვებთ, რომ ჩვენს მომავალს წყვეტდნენ სადღაც უცხო ქვეყნებში, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ყოველთვის დავიცავთ, პირველ რიგში, თქვენს ინტერესს, ამ ქვეყნის მომავალს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოზურგეთში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ყველას, ვისაც სურს ჩვენთან ურთიერთობა, მეგობრობა, არც მეგობრობა გვეშლება, არც ურთიერთობა, ხოლო ვისაც ამ ქვეყნის ისტორია არ წაუკითხავს და უჭირს ამის შეგნება, ჩვენი უკეთ გაცნობა და ბედთან შეგუება მოუწევს.
„ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყნის წარსულში დაბრუნებას. თავისუფლების მოყვარე ხალხი ვართ და არ დავუშვებთ, რომ ჩვენს მომავალს წყვეტდნენ ჩვენ გარეშე ან ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ სადღაც უცხო ქვეყნებში. შეიძლება, ვიღაცები ამას მიჩვეულები არიან, წლების განმავლობაში ასე ხდებოდა, მაგრამ სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ყოველთვის დავიცავთ, პირველ რიგში, თქვენს ინტერესს, ამ ქვეყნის მომავალს. ეს ასეა, მეგობრებო. ყველას, ვისაც სურს ჩვენთან ურთიერთობა, მეგობრობა, არც მეგობრობა გვეშლება, არც ურთიერთობა. ვისაც ამ ქვეყნის ისტორია არ წაუკითხავს და უჭირს ამის შეგნება, ჩვენი უკეთ გაცნობა და ბედთან შეგუება მოუწევს. სწორედ ასე ყალიბდება ძლიერი სახელმწიფო, ასე ხდება მეტი პატივისცემის მოპოვება და მხოლოდ ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და გაძლიერების გზა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ქართველი ხალხი დგას ერთად თავისი სამშობლოს სადარაჯოზე.
„ქართველ ხალხს აქვს ისტორიული მეხსიერება, ღირსება და მხოლოდ ღირსებით, თავისუფლებით და სიამაყით მოიპოვებს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, ევროპულ მომავალს. ჩემო გურულებო, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, რადგან ეს სჭირდება ამ ქვეყანას, სამშობლოს, ხვალინდელ დღეს, ჩვენს შვილებს, პატარებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ქართველ ხალხს! ჩვენ ვართ მართლები, სიმართლე ჩვენს მხარესაა და, რა თქმა უნდა, 26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.