კახა კალაძე - არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ვინმეს უსმენენ, თუმცა მახსოვს წლები, როდესაც ბევრ ადამიანს უსმენდნენ, მეგობარი მეგობარს ვერ ელაპარაკებოდა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ვინმეს უსმენენ.
თუმცა, კალაძის თქმით, ახსოვს წლები, როცა ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ.
კახა კალაძის განცხადებით, ცუდია, თუ მსგავსი ფაქტები ახლაც არსებობს, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„მე ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ვიღაცას უსმენს. ის წლები მახსოვს, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ და შინ ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, მეგობარი მეგობარს ვერ ელაპარაკებოდა. ეს წლები მახსოვს. თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაცები, ძალიან ცუდია, არ მივესალმები ამას, მაგრამ არ მაქვს ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები, რომ ეს ახლაა გაკეთებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაცასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან იგი შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.