კახა კალაძე - არ არის ლამაზი და უხერხულობას ქმნის, როდესაც უკრაინაში ცდილობენ, მაღალ თანამდებობაზე მძიმე ბრალდებებით გასამართლებული ადამიანი დანიშნონ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დანიშნავენ თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე, ეს ამ ქვეყნის გადასაწყვეტია. თუმცა, კალაძის თქმით, მძიმე ბრალდებებით გასამართლებული პირის დანიშვნა უხერხულობას ქმნის.
„ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ არ არის ლამაზი და სულ მცირე უხერხულობას ქმნის, როდესაც ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები – საქართველო-უკრაინა და ცდილობენ, მაღალ თანამდებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში სამივე ინსტანციით სასამართლოს მიერ არის გასამართლებული ძალიან მძიმე ბრალდებებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის ინიციატივა გაიწვია.