კახა კალაძე - არ არის გამორიცხული, საქართველოს პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, ასეთი შთაბეჭდილება იქმნება იმ განცხადებებით, რომელთაც ვისმენთ, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების კომისიას აძლევს საშუალებას, ვადის კრიტერიუმების გარეშე განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვის, შემოტანისა და ტრანზიტისა.
„თუმცა ნარკოპოლიტიკას რაც შეეხება, ცვლილებები აუცილებელია, ამაზე მუშაობა დაწყებულია და საკმაოდ ბევრი იქნება სამუშაო, იმიტომ რომ ძალიან სენსიტიური და საფრთხილო მიმართულებაა, რომელსაც ძალიან დიდი მუშაობა დასჭირდება“, განაცხადა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, შეწყალების წესში ცვლილებები შედის.