კახა კალაძე - აქტორები, რომლებიც არეულობის ორგანიზებაში არიან ჩართული, ადრე ცდილობდნენ, დემოკრატიის ნიღბით ემოქმედათ, დღეს ეს ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ
კახა კალაძე - აქტორები, რომლებიც არეულობის ორგანიზებაში არიან ჩართული, ადრე ცდილობდნენ, დემოკრატიის ნიღბით ემოქმედათ, დღეს ეს ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ

აქტორები, რომლებიც არეულობის ორგანიზებაში არიან ჩართული, ადრე ცდილობდნენ, დემოკრატიის ნიღბით ემოქმედათ, დღეს ეს ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, არეულობის ყველა მცდელობაზე სახელმწიფოს მხრიდან პრევენციული ღონისძიებები გატარდა.

„მინდა, სუს-ის წარმომადგენლებს მივმართო, აუცილებლად გაასაჯაროონ და ისაუბრონ, როგორ დააკავეს ქვეყანაში უკრაინის შვიდი შეიარაღებული მოქალაქე; ისაუბრონ ზღვით შემოსულ უკრაინის მოქალაქეზე, რომელიც დააკავეს; ისაუბრონ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი მოთხოვნით იყვნენ ეს ადამიანები გათავისუფლებული. სააკაშვილის „შემოგდება“ ქვეყანაში, როგორც „განუბაჟებელი ტვირთის“, როგორ ფიქრობთ, ვის მიზნებს ემსახურებოდა? რა იყო ამ ყველაფრის მთავარი მიზანი? ყველაფერი ცხადი და ნათელია. აქტორები, რომლებიც ამ ყველაფრის ორგანიზებაში არიან ჩართული, ადრე ცდილობდნენ, დემოკრატიის ნიღბით ემოქმედათ, განცხადებები გაეკეთებინათ, თუმცა დღეს ეს ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ და ვიცით, რას წარმოადგენენ, ვინ არიან, რისი მკადრებლები არიან. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყება მზად არის, განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სისხლიანმა დაპირისპირებებმა და რევოლუციებმა საქართველოს განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა, თუმცა დღეს ხელისუფლებას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.

„პატარა ბავშვი ვიყავი, თუმცა დღესაც მახსოვს და ვიცი, რამხელა უბედურების მომტანია სისხლიანი დაპირისპირებები, გადატრიალებები და რევოლუციები. დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები, რომლებიც ამ ყველაფრისგან მივიღეთ. წლობით დახია ჩვენი ქვეყანა უკან ასეთმა ქმედებებმა. დღეს შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, ჩვენი შვილები, მომავალი თაობები არ გვაპატიებენ ამას. სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურად მობილიზებულია. მოსახლეობის უმრავლესობის განწყობაც ვიცით, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში შენარჩუნდეს სიმშვიდე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.